პირველ ოქტომბერს რუსეთმა აღიარა, რომ მისმა ჯარებმა ლიმანში უკან დაიხიეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველ ოქტომბერს უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანთან ახლოს 5 დასახლება გაათავისუფლეს.

  • ლიმანში უკრაინის მოსალოდნელ წინსვლაზე საუბარი იყო ომის შემსწავლელი ინსტიტუტის გუშინდელ ანგარიშშიც — კერძოდ, წერდნენ, რომ უკრაინა მომდევნო საათებში ლიმანს აიღებს, ან სრულად მოაქცევს ალყაში.
  • ISW ლიმანში რუსების წარუმატებლობების შესახებ ჯერ კიდევ 29 სექტემბერს წერდა — ისინი მიუთითებდნენ ტერიტორიაზე ოკუპანტების მოსალოდნელი მარცხის შესახებაც.

დეტალები: ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ უპირველეს ყოვლისა, ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო.

  • იქ არის საკვანძო გზა, რომელიც სივერსკი დონეცის მდინრეზე გადის — ადგილი, რომლის ირგვლივაც რუსეთი თავისი პოზიციების გამაგრებას ცდილობდა;
  • ამასთან, დაზვერვის შეფასებით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ წარუმატებლობას რუსეთისთვის, რადგან ლიმანი დონეცკის ოლქში მდებარეობს — იმ რეგიონში, რომლის "გათავისუფლებისა" და უკანონო ანექსიის მცდელობა ჰქონდა რუსეთს.

რას ამბობს ISW: ლიმანში ოკუპანტების მარცხზე საუბრობს ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც.

  • ბოლო ანგარიშში საუბარია, რომ ლიმანიდან რუსული ჯარების გასვლა მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებს ლუგანსკის რეგიონის დაცვას;
  • ამის ნაცვლად, ის ცდილობს სტრატეგიული ადგილების შენარჩუნებაზე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

არქივიდან: 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა — მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, საზღვრებთან და აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგებია.

  • აქამდე რუსეთი უარყოფდა და ცდილობდა დაემალა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე პრობლემები ჰქონდა და პერსონალის დიდი დანაკლისი განიცადა;
  • ამ გადაწყვეტილებით კი გამოჩნდა, რომ რუსეთი არსებული რესურსებით უკრაინულ ძალებს ვერ უმკლავდება.