ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ფეისბუქგვერდზე წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსია გააფორმა.

  • პუტინმა იკადრა და ამ ცერემონიიდანაც მოუწოდა უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან;
  • თუმცა მისი თქმით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ხალხის არჩევანი უკვე გაკეთებულია და "რუსეთი მას არ უღალატებს".

დეტალები: მაკრონი ლუგანსკში, ზაპოროჟიეში, ხერსონსა და დონეცკში ანექსიის გამოცხადებას უკანონოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა.

  • "საფრანგეთი მას ეწინააღმდეგება და უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას და დაიბრუნოს სრული სუვერენიტეტი თავის მთელ ტერიტორიაზე".

გამოხმაურებები: უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებულად გამოცხადება უკვე დაგმო ევროპულმა საბჭომ.

  • ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
  • მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟია და ყირიმი უკრაინაა.
  • საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი.
  • აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის ამ ნაბიჯს ლეგიტიმაცია არ აქვს.