ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე წერს, რომ გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ქვეყნის მომავლისთვის, სავარაუდოდ, ეს არის პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე.

  • დღეს, 30 სექტემბერს კრემლში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დონეცკის, ლუგანსკისა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთს "მიუერთა".

კონტექსტი: ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინა აქტიურად მოუწოდებდა კრემლს მოლაპარაკებისკენ. ზელენსკი პუტინთან პირისპირ შეხვედრასაც ითხოვდა.

  • მარტში მოლაპარაკებების მონაწილე უკრაინის წარმომადგენლები ამბობდნენ იმასაც, რომ მზად იყვნენ განეხილათ NATO-ს გარეშე მოდელები.
  • თუმცა ბოლო კვირების მანძილზე, ზელენსკი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მთლიანად დატოვებს უკრაინის ტერიტორიას და მოხდება დეოკუპაცია.

დეტალები: ზელენსკი წერს, რომ მათ უკვე აიღეს გზა ნატოსკენ და უკვე დაამტკიცეს ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა.

  • "ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე ფაქტო. დღეს კი უკრაინა აკეთებს განაცხადს, რომ ის დე იურე გახადოს".

გარდა ამისა, უკრაინას ესმის, რომ საჭიროა დრო NATO-ს ყველა წევრთან კონსენსუსის მისაღწევად, ამიტომ ზელენსკიმ შესთავაზა განეხორციელებინა წინადადებები უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების შესაბამისად.

  • "რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან პატიოსან თანაცხოვრებაზე შეთანხმება შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის ფედერაციის სხვა პრეზიდენტთან".
  • პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია გათავისუფლდება.

რუსეთი უკვე გამოეხმაურა ამ ამბავს. საგარეოს პრესსპიკერის, მარია ზახაროვა ამბობს:

  • "დღეს ყველამ თავისი გზა აირჩია. სისხლიანი ჯალათები, რომლებიც კლავენ ქალებსა და ბავშვებს ნატოს ნაგავსაყრელში. და ჩვენ მომავალში. რთული იქნება? დიახ. რადგან დაცემა ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე სიმაღლეზე ასვლა. მაგრამ თქვენ ხომ გახსოვთ: ხოხვაში ისტორიულად ფრთები გვიშლის. წინ, ერთად, სინათლის სახელით და ღმერთთან ერთად!"