ჩვენს არაერთ სტატიაში უკვე წაკითხული გექნებათ, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპი ტიკტოკია, რომელსაც მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს. ტიკტოკის სქროლვადმა ვიდეოებმა სოციალური პლატფორმების ყველა სხვა მახასიათებელი გადაფარა, ამიტომ მრავალმა დასავლურმა კომპანიამ (მაგალითად, Meta-მ) ჩინური პლატფორმის ტენდენციების გადმოღება დაიწყო. მათ რიცხვს უკვე ტივტერიც შეემატა.

გუშინ Twitter-მა განაცხადა, რომ დაამატებს ორ განახლებას, რომელიც მათ პლატფორმას ინსტაგრამის რილებს დაამსგავსებს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ტიკტოკის კოპირებაა. კომპანიამ თავის ოფიციალურ ბლოგ-პოსტში დაწერა, რომ მათი მიზანია, "ადამიანებს მეტად გაუმარტივონ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება".

პირველი განახლება უკვე ჩაშვებულია და თქვენ ტვიტერის აპში "For You" სექციაში უკვე შეგიძლიათ, თქვენს ინტერესებზე მორგებული ვიდეოები ნახოთ.

ფოტო: Courtesy of Twitter

Twitter-ის მიხედვით, აპი თქვენ შემოგთავაზებთ როგორც ტრენდულ ვიდეოებს, ისე იმათ, რომლებიც თქვენ, დიდი ალბათობი, მოგეწონებათ. ეს სიახლე უკვე ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც iOS-ზე ტვიტერის ინგლისურენოვან აპს იყენებენ და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

"ვიდეოების ჩვენი ახალი ფუნქციონალით თქვენ ახლა მარტივად შეძლებთ ტვიტებთან ერთად ტრენდულ ვიდეოებსაც ადევნოთ თვალი", დაწერა კომპანიამ თავის ბლოგში. "ამისათვის საჭიროა, რომ გახსნათ Explore ფანჯარა და ნახოთ ყველაზე გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც ტვიტერზე გაზიარდა".

ამას გარდა, ტვიტერმა ვიდეოების კიდევ ერთი ფუნქციონალი დაამატა, რომელიც მომხმარებლების feed-ზე ჩნდება. ამ ვიდეოებზე დაჭერით ისინი მთლიან ეკრანზე დიდდება და ერთმანეთში ტიკტოკის მსგავსი ეფექტით გადადის.

ფოტო: Courtesy of Twitter.

ეს მახასიათებელიც რამდენიმე დღეში ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც iOS-ზე ტვიტერის ინგლისურენოვან აპს იყენებენ.