ყველაფერი რაც პუტინმა ნახევარ საათში თქვა — ძალიან მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რუსი დიქტატორი ტრადიციულად, იმუქრებოდა, აკრიტიკებდა ევროპას, ადიდებდა რუსეთს და საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა ხალხის ნების გამოვლინებად შეფუთა. იკადრა ისიც, რომ ღონისძიებიდან, სადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია უნდა გამოეცხადებინა, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. პროპაგანდისტული ნარატივებით სავსე სიტყვის შემდეგ კი თავისივე მართულ მარიონეტებთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც უკრაინის ტერიტორიები რუსეთის ნაწილად გამოაცხადა.

შესავალი

ღონისძიება კრემლში გაიმართა. ესწრებოდნენ რუსეთის დუმის დეპუტატები, სენატორები, სასულიერო პირები, კრემლის ერთგული პოლიტიკოსები და სამხედროები.

პუტინი დარბაზში 20 წუთის დაგვიანებით გამოჩნდა. მას ფეხზე ადგომით და ტაშით შეხვდნენ.

ფოტო: კადრები კრემლის ვიდეოდან

ფოტო: კადრები კრემლის ვიდეოდან

"თქვენ იცით, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარდა რეფერენდუმები. მათი შედეგები დათვლილია და ცნობილია. ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. ერთმნიშვნელოვანი არჩევანი", — ასე დაიწყო თავისი სიტყვა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა და იქვე განმარტა, რომ დარწმუნებული იყო ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერდა რუსეთის შემადგენლობაში 4 ახალი ერთეულების მიღებას, რადგან ეს "მილიონობით ადამიანის ნებაა".

აქ მას სიტყვა ტაშით გააწყვეტინეს. ამის შემდეგ კი პუტინმა მოურიდებლად გამოიყენა საერთაშორისო სამართალი და გამოაცხადა, რომ ეს არჩევანი ხალხის უფლებაა, რომელიც გაეროს პირველი მუხლითაა განმტკიცებული.

"დიდებული რუსეთის გმირები"

ეს პირველი თემა იყო, რომელიც პუტინმა ვრცლად განიხილა. აქო უკრაინაში დაღუპული რუსები, რომლებიც თითქოსდა არ შეეგუენ "ნეონაცისტურ სახელმწიფო გადატრიალებას" და დაიღუპნენ საკუთარ ენაზე ლაპარაკის უფლების, რუსული კულტურის და რწმენის დასაცავად.

აქვე მან ჩამოთვალა დაჯგუფებები, დაღუპული მებრძოლები და სამხედროები, რომელთა ჩამოწერით არ მოგაცდენთ. თუმცა გეტყვით, რომ მათ მამაცურად დაღუპულები და "დიდებული რუსეთის გმირები" უწოდა, რასაც დარბაზი ისევ ტაშით შეხვდა. ამის შემდეგ პუტინმა წუთიერი დუმილით მათთვის პატივის მიგება მოითხოვა.

"მილიონობით ადამიანის არჩევანი"

საუბარი პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონებში "მილიონობით ადამიანის არჩევანზე" საუბრით გააგრძელა. თქვა, რომ რუსეთთან "სულიერ კავშირს" იქ მცხოვრები ხალხი შთამომავლობას გადასცემდა და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, წლების განმავლობაში შეინარჩუნეს "სიყვარული რუსეთის მიმართ" და ამ გრძნობას ვერავინ გაანადგურებს.

აქ ოპერატორმა საჭიროდ ჩათვალა, ეჩვენებინა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის, თითქოსდა თვალცრემლიანი სახე, რომელიც მან ჭერისკენ მიაპყრო.

ფოტო: კადრი ვიდეოდან

პუტინმა კი საუბარი მისთვის ყველაზე მტკივნეული თემით, საბჭოთა კავშირის დაშლით გააგრძელა და კიდევ ერთხელ უწოდა ამას ტრაგედია.

"მაგრამ ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. საბჭოთა კავშირი აღარ არის, წარსულის დაბრუნება შეუძლებელია და რუსეთს ეს არც სჭირდება, ჩვენ ამისკენ არ ვისწრაფვით.

მაგრამ არაფერია მილიონობით ადამიანის ნებაზე უფრო ძლიერი, რომლებიც თავისი კულტურით, რწმენით, ტრადიციით, ენით თავს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. ვისი წინაპრებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთ სახელმწიფოში. არაფერია უფრო ძლიერი, ვიდრე ამ ხალხის არჩევანი დაბრუნდნენ თავის ნამდვილ ისტორიულ სამშობლოს", — თქვა მან.

აქვე რამდენიმე ტყუილზეც

პროპაგანდისტული ნარატივების ამოფრქვევის შემდეგ პუტინმა საუბარი პირდაპირ ტყუილებით გააგრძელა. უკრაინას დააბრალა:

  • გენოციდი დონბასში 2014 წლის შემდეგ;
  • ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსების და ყველაფერი რუსულის სიძულვილის ჩანერგვა;
  • "რეფერენდუმის" დროს მასწავლებლებსა და ქალებზე მოკვლით მუქარა.

"ჩვენი ხალხი სამუდამოდ"

"მინდა კიევის ხელისუფლებამ და მათმა მფლობელებმა მომისმინონ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკსის სახალხო რესპუბლიკაში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ხალხი ჩვენი მოქალაქეები ხდებიან. სამუდამოდ" — ასე გააგრძელა პუტინმა სიტყვა, რასაც ისევ ტაშით შეხვდნენ.

ამის შემდეგ კი კიევს მუქარანარევი მოწოდებებით მიმართა, ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა და იქვე გააფრთხილა, რომ არ აპირებს განიხილოს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს "ხალხის ნება", რადგან არჩევანი უკვე გაკეთდა და "რუსეთი მას არ უღალატებს".

მორიგი ტაშისა და ჩახველების შემდეგ ასე გააგრძელა:

"კიევის დღევანდელმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს ხალხის ამ თავისუფალ ნების გამოხატვას და სხვანაირად არ მიიღება, მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს მშვიდობა".

მუქარა

ჩვენს მკითხველს ემახსოვრება, რომ რამდენიმე დღის წინ კრემლის პრესსპიკერმა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ექსპრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ცალსახად განაცხადეს, რომ "შეერთების" შემდეგ რუსეთი ამ ტერიტორიებს თავისად განიხილავს და მათზე თავდასხმისას, თავს უფლებას აძლევს, გამოიყენოს ყველა სახის იარაღი, მათ შორის, ბირთვულიც. ამ თემა პუტინიც შეეხო.

"ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და შესაძლებლობით და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცავთ ჩვენი ხალხი. ამაშია ჩვენი ერის დიადი განმათავისუფლებელი მისია".

დაპირებები

სანქციებში ჩაძირული ქვეყნის პრეზიდენტმა პირობებიც დადო, რომ აღადგენენ განადგურებულ ქალაქებს, დასახლებებს, სკოლებს, თეატრებს, მუზეუმებს, ინფრასტრუქტურას, გზებს.

ტყუილი მობილიზაციაზე

აქვე პუტინმა ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, მებრძოლებსა და მობილიზებულებს, მათი ოჯახის წევრებს მიმართა და მოიტყუა, თითქოს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ხალხი საკუთარი სურვილით მიდის გაწვევის პუნქტებში.

"ვინც, გულის ძახილით მოდის სამხედრო პუნქტებში, მინდა მივმართო მათ მშობლებს, ცოლებს, შვილებს და ვუთხრა, რისთვის იბრძვის ჩვენი ერი".

მტერი — დასავლეთი

პუტინისგან განსხვავებით ანტიდასავლურ რიტორიკას დიდ დროს არ დავუთმობთ, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის უმეტესი ნაწილი სწორედ ამას შეეხო. ისევ მოკლედ გეტყვით, რომ გამოიყენა ჰომოფობიური და პროპაგანდისტული ნარატივები; ამტკიცებდა, თითქოს დასავლეთი ეძებს ახალ შანსს, დაარტყას და გაანადგუროს რუსეთი.

აქვე, სავარაუდოდ, დარია დუგინას სიკვდილიც დასავლეთს დააბრალა. თქვა, რომ დასავლეთისთვის პირდაპირი საფრთხეა რუსეთის აზროვნება და ფილოსოფია, ამიტომ "თავს ესხმიან ჩვენს ფილოსოფოსებს". ჩაიცინა.

"მათ საერთოდ არ სჭირდებათ რუსეთი, ჩვენ გვჭირდება ის", — ამ სიტყვების შემდეგაც ტაშის გამო პაუზა აიღო.

რუსოფობია

მსოფლიოში რუსოფობიის გავრცელებას რასიზმი უწოდა და აქაც არ დაიშურა პროპაგანდისტული ნარატივები.

ასე უსმენდნენ ჩინოვნიკები პუტინს, რომელიც ამტკიცებდა, რომ არაერთხელ სცადეს რუსეთში ინტერვენციაც.

ფოტო: კადრი ვიდეოდან

ისევ ბირთვული იარაღი

პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ არის "ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ორჯერ გამოიყენა ბირთვული იარაღი" და იქვე მრავალმნიშვნელოვნად დაამატა: "სხვათა შორის, მათ შექმნეს პრეცედენტი".

ჩრდილოეთ ნაკადი

აფეთქებები, რომელშიც ევროპული ქვეყნების რუსეთს ადანაშაულებენ, თავად პუტინმა, სავარაუდოდ, გერმანიას დააბრალა.

"ანგლო-საქსებისთვის სანქციები არ კმარა, ისინი დივერსიაზე გადავიდნენ, ფაქტობრივად, დაიწყეს საერთო ევროპული ინფრასტრუქტურის ნგრევა", — განაცხადა მან.

ყველაფერი აშშ-ის ბრალია

იცოდით, რომ აშშ-ს დღემდე "ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს გერმანია, იაპონია, კორეა და სხვა ქვეყნები"? აი, პუტინმა იცის და თან ფიქრობს, რომ მათ ცინიკურად უწოდებენ მოკავშირეებს.

"როცა დაგეგმეს სანქციების ბლიცკრიგი რუსეთის წინააღმდეგ აშშ ფიქრობდა, რომ მათ შეეძლოთ ერთი ბრძანებით დაეყენებინათ მთელი მსოფლიო მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი პერსპექტივა ყველას არ აღაგზნებს, არამედ მხოლოდ პოლიტიკურ მაზოხისტებს და საერთაშორისო ურთიერთობების სხვა არატრადიციული ფორმების მოყვარულებს", — განაცხადა მან.

ანექსია

"მათ გააკეთეს არჩევანი იყვნენ თავის ხალხთან ერთად, იყვნენ სამშობლოსთან, იცხოვრონ მისი ბედით, ჩვენს უკან სიმართლეა, ჩვენს უკან რუსეთია", — თქვა პუტინმა რის შემდეგაც ე.წ. ხელმძღვანელები წამოდგნენ და სცენისკენ წავიდნენ.

პუტინის მაგიდა ცალკე იდგა რუსეთის დროშის ფონზე, ოთხეული კი ცალკე დაჯდა. დოკუმენტს ხელი ტაშის ფონზე მოაწერეს და ჰიმნის მოსასმენად ჩამწკრივდნენ

ჰიმნის დასასრულს პუტინმა თავის მარიონეტებს ხელზე დაქაჩა და სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული კადრის გამეორება სცადა, რომელიც მან აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებთან გადაიღო. ამ დროს დარბაზი სკანდირებდა: "რუსეთი, რუსეთი".

ცერემონიის შემდეგ, გაჩნდა კითხვა, რა იქნება ახლა? პროცედურები ასეთია: რუსეთის სახელმწიფო დუმამ უნდა მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება, რის შემდეგაც ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ბოლო ეტაპი გულისხმობს ვლადიმერ პუტინის მიერ შესაბამის კანონზე ხელმოწერას.

დასასრულს, გამოხმაურებებზეც გეტყვით

უშუალოდ ანექსიის საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისას უკვე გასცა შესაბამისი პასუხი: NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ანექსიის მცდელობით, პუტინი ცდილობს ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, რომელსაც ადგილზე ფიზიკურად არც კი აკონტროლებს.

ევროპულმა საბჭომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია დაგმო. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟია და ყირიმი უკრაინაა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი

ქართველი გულშემატკივრების ის თაობა, ვინც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთთან ერთად გავიზარდეთ, ამ დღეს 30 წელი…