რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის, ვიქტორ ოზეროვის განცხადებით, მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერორისტული აქტი არის "გაკვეთილი" ბრიტანეთის სპეცსამსახურებისთვის, რადგან ისინი არ თანამშრომლობდნენ რუს კოლეგებთან.

რუსულ სააგენტო რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ ოზეროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დიდ ბრტანეთს, გამოძიებაში დაეხმარება:

"დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახური, სხვა ქვეყნების დახმარების გარეშე ეფექტიანად ვერ მუშაობს და ეს სამწუხარო ფაქტი მათთვის გაკვეთილია. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ მსოფლიო უნდა უსმენდეს ვლადიმერ პუტინს. მან არაერთხელ მოუწოდა ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ, სადაც იქნება საერთო წესები და მაღალი სტანდარტები".

22 მაისს, ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში, ამერიკელი პოპვარსკვლავის, არიანა გრანდეს კონცერტზე თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი კი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ.