თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჯიქი უკვე მეორედ გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი NACRES ავრცელებს.

"ჯიქი/ლეოპარდი კვლავ გამოჩნდა თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე!
ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა, თავდაუზოგავი მცდელობის შედეგად, კვლავ დააფიქსირა ჯიქი/ლეოპარდი (Pantera pardus) საქართველოში. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტო-ხაფანგის მიერ აგვისტოში გადაღებული ჯიქის ფოტო შემოდგომის საველე გასვლისას აღმოაჩინეს ჯგუფის წევრებმა. საქართველოში ჯიქის კვლევა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება", — ვკითხულობთ NACRES-ის განცხადებაში.

ფოტო: NACRES / Facebook

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოში ჯიქი 12 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირეს. 2021 წლის აგვისტოში ჯიქი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულმა ფოტო-ხაფანგმა გადაიღო. 2021 წლის აგვისტომდე საქართველოში ჯიქი ბოლოს 2009 წელს დააფიქსირეს, როცა ცხოველის ნაკვალევი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იპოვეს.

"ჯიქის განმეორებითი გადაღება იმედს გვაძლევს, რომ მხოლოდ ერთჯერად შემოსვლასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ლეოპარდი საქართველოში ბრუნდება", — NACRES-ის განცხადებაში.