კიდევ ერთხელ, საერთაშორისო კონფლიქტის საპასუხოდ, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ გაააქტიურებს Starlink-ს — SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის სისტემას — კონფლიქტის ზონაში.

ამჯერად მან განაცხადა, რომ სტარლინკი ხელმისაწვდომი იქნება ირანელი ხალხისთვის, რომლებიც უკვე დღეებია აპროტესტებენ 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობას. მიმდინარე არეულობის ჩახშობის მიზნით, ირანის მთავრობამ შეზღუდა სამოქალაქო მოსახლეობისთვის ინტერნეტის წვდომა, თუნდაც VPN-ის ან პროქსის გამოყენებისას. და რა თქმა უნდა, მასკის ინტერნეტ სერვისი, თეორიულად, შეიძლება იყოს ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საშუალება.

"ვააქტიურებ სტარლინკს", — დაწერა მილიარდერმა Twitter-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის საპასუხოდ, რომელიც გამოეხმაურა აშშ-ს გადაწყვეტილებას სანქციების გაუმჯობესების შესახებ ირანში ინტერნეტის თავისუფლების მხარდასაჭერად.

ერთი შეხედვით, ირანის მოსახლეობისთვის — რომელთა ციფრული კომუნიკაციის საშუალებები ამჟამად უხეში და მწირია — ინტერნეტ სერვისების მიწოდება აუცილებელია, მაგრამ სტარლინკის ამოქმედება არც ისე მარტივია, როგორც ზოგიერთი ორბიტალური თანამგზავრის ჩართვა და, როგორც ჩანს, მასკის დაპირება ამჯერად შეიძლება სრულიად ჩაფლავდეს.

კარიმ საჯადპურის, გლობალური ანალიტიკური ცენტრის Carnegie Endowment for International Peace-ის უფროსი თანამშრომლის თქმით, რომელიც ამტკიცებს, რომ ესაუბრა მასკს სტარლინკის დაპირების შესახებ, თავად თანამგზავრები "გააქტიურებულია" ირანელების მიერ გამოყენებისთვის. მაგრამ თანამგზავრების გარდა, სტარლინკის პოტენციურ მომხმარებლებს სჭირდებათ ფიზიკური ტერმინალები და ფასიანი გამოწერები, რათა რეალურად გამოიყენონ სერვისი — აქედან ორივეზე წვდომა რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-ს შეუძლია განიხილოს თანამგზავრული სერვისის უფასოდ მიწოდება, Al Jazeera იუწყება, რომ ირანის მთავრობამ უკვე შეუძლებელი გახადა ირანელებისთვის სტარლინკის ვებსაიტზე შესვლა, რის გამოც ანგარიშს ვერავინ გახსნის. და ტერმინალები, როგორც ალ ჯაზირა აღნიშნავს, ქვეყანაში, სავარაუდოდ, უნდა შეაპარონ.

ფოტო: The National

SpaceX-მა მოახერხა სტარლინკის მრავალი ტერმინალის მიწოდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ირანის შემთხვევაში, ინიციატივას თავად არ იღებს, — აცხადებს საჯადპური.

"[სტარლინკი] მოითხოვს ქვეყანაში ტერმინალების გამოყენებას, რასაც, მეეჭვება, რომ [ირანის] მთავრობა მხარს დაუჭერს", — განუცხადა მასკმა საჯადპურს, "მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ირანში ტერმინალების შოვნა, ისინი იმუშავებენ."

და რაც მთავარია, ირანის სახელმწიფომ — რომელმაც უკვე დაგმო აშშ-ს სანქციების გაფართოება — შეიძლება კიდევ უფრო შეაფერხოს სტარლინკი გაეროს დერეფნების გამოყენებით მასკისა და მისი კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი საჩივრების განსახორციელებლად.

მიუხედავად იმისა, რომ მასკის ინტერნეტმა შეიძლება თეორიულად უზრუნველყოს გამოსავალი მათთვის, ვინც როგორღაც იშოვის ტერმინალს და შეიძენს პაკეტს, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქვეყნის სუსტი ეკონომიკის გათვალისწინებით, სტარლინკზე წვდომას ვერ მიიღებს.

ცხადია, ცუდი არ არის, რომ ხელმისაწვდომობა ტექნიკურად "გააქტიურებულია", მაგრამ ამან შეცდომაში არ შეგიყვანოთ. საპროტესტო აქციები გრძელდება, ბევრი დაიღუპა და ინტერნეტზე — თანამგზავრულზეც კი — წვდომა, ძირითადად, შეუძლებელია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტარლინკის გააქტიურება რაიმეს შეცვლის.