ინფორმაციას ამის შესახებ ირანის უფლებადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ირანში მასობრივი პროტესტი გრძელდება. გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა.

  • ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.
  • თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.

დეტალები: ორგანიზაციის განცხადებით, დადასტურებულია, რომ დაიღუპა სულ მცირე 83 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

  • მკვლელობის შემთხვევები დაფიქსირდა 16 პროვინციაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში;
  • Amnesty International-ის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ დღეს რეჟიმის ძალებმა 19 ადამიანი მოკლეს.
  • გარდა ამისა, დააკავეს ათასობით მომიტინგე და სამოქალაქო აქტივისტი, შეზღუდეს წვდომა ინტერნეტზე და დაბლოკეს სოციალური ქსელები.

აქციები ქვეყნის მასშტაბით 31 პროვინციაში და 133 ქალაქში გაიმართა. მათ წინააღმდეგ რეჟიმი საპოლიციო ძალებსა და სამხედროებს იყენებენ.

  • დემონსტრანტები წვავენ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ქანდაკებებსა და ფოტოებს და სკანდირებდნენ ლოზუნგებს მთავრობის წინააღმდეგ.
  • სოლიდარობის გამოსახატად ქალები იჭრიან თმას და წვავენ ჰიჯაბს.
  • პარალელურად, მთავრობა კონტრაქციებს მართავს, სადაც მათი მხარდამჭერები პროტესტის მონაწილეებს აკრიტიკებენ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "გადამწყვეტად იმოქმედებს" საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ.

  • მან აქციის მონაწილეები დაადანაშაულა არეულობის წაქეზებაში და პირობა დადო, რომ გაუმკლავდება "მათ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს".