ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად არჩევას უკავშირდება. ამჟამინდელ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.

  • პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი 9 სექტემბერს მიიღო, რომლის თანახმადაც კანდიდატს რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოუწევთ.
  • ღია კონკურსით რეგისტრაციის შემდეგ, კანდიდატებს სპეციალური 9-კაციანი ჯგუფი შეაფასებს.
  • შერჩეულ კანდიდატებს საჯაროდ მოუსმენენ ჯერ საპარლამენტო კომიტეტებში და შემდეგ კენჭს უყრიან.
  • ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.

დეტალები: 27 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ სახალხო დამცველის 3 კანდიდატი წარადგინა. ისინი არიან:

  • PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, უფლებადამცველი, ანა აბაშიძე;

  • სახალხო დამცველის მოქმედი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე;

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი.

კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც კანდიდატები წარადგინეს არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვთ. აცხადებს, რომ "ისინი უბრალოდ ყველაზე მდიდარი NGO-ები არიან".

  • ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, NGO-მა აირჩიეს დახურული და გაუმჭვირვალე პროცედურები;
  • როგორც კობახიძემ აღნიშნა, NGO-ების მიერ შემოთავაზებული სახალხო დამცველი კანდიდატების შესახებ ხელისუფლებას "ნულოვანი პოზიცია" აქვს;
  • ამბობს, რომ თუ ეს კანდიდატები პროცედურის საფუძველზე მიღებს ქულებს და დასახელდებიან, მაშინ იმსჯელებენ მათზე.
  • "მაგრამ დახურული წესით შერჩეულ კანდიდატებზე, კლანური პრინციპით შერჩეულ კანდიდატებზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიმსჯელებთ".
  • მან თქვა ისიც, რომ შერჩევა "გაუგებარი კრიტერიუმებით" მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კანდიდატების შერჩევამდე არაერთი კრიტერიუმი შეიმუშავეს.

  • მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ის უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განათლება და 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა;
  • ასევე, არ უნდა ყოფილიყო პარტიული არც ახლა და არც ბოლო 5 წლის მანძილზე და არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური თანამდებობა.
  • "ამ სამ ადამიანს წარმოადგენს ჩვენი ჯგუფი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატებს და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სუბიექტებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მათ სწორედ ეს ადამიანები დაასახელონ".