პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი გადაცემა "ბავშვების დროს" მოუწოდებს, დაიცვას ბავშვის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს ბავშვის ინტერესების სათანადო დაცვა. ეს განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გადაცემა "ბავშვების დროს" ანონსის ფეისბუკში გავრცელების შემდეგ გაავრცელა. ანონსიდან ირკვეოდა, რომ გადაცემა ეხებოდა ბავშვის შესაძლო მასტურბაციას, რაც ბავშვის დედამ ვიდეოზე აღბეჭდა.

"ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. დაუშვებელია არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, თუ კი ეს ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ზიანს აყენებს მის ინტერესებს," - აღნიშნავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

მათ მიაჩნიათ, რომ როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის მედიასაშუალება უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მშობლის თანხმობა.

გადაცემას, "ბავშვების დროს", ამ დროისათვის მხოლოდ ფეისბუქ გვერდი აქვს და მისი წამყვანია ჟურნალისტი ნინი ობგაიძე. ასევე უცნობია, გადაცემა რომელიმე არხზე გავა, თუ მხოლოდ ფეისბუკით გავრცელდება.