ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.

  • ბელარუსის პრეზიდენტის ეს ჩასვლა, შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდეს.
  • ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომლის თანახმად ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

დეტალები: სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.

  • "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს";
  • "ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს";
  • მანამდე საგარეომ პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი სამინისტროში დაიბარა.