21 სექტემბერს Netflix-ის ახალი სერიალის, Monster: The Jeffrey Dahmer Story-ის (მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი) პრემიერა შედგა. სერიალი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელზე მოგვითხრობს. დამერმა 1978 წლიდან მოყოლებული შემდეგი 13 წლის განმავლობაში 17 კაცი და ბიჭი გააუპატიურა, მოკლა და დაანაწევრა. ის საბოლოოდ 1991 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა 15-ჯერ მიუსაჯეს.

მართალია, სულ მცირე დროში შოუ უამრავმა მაყურებელმა ნახა, თუმცა ზოგიერთი მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამს. ერიკ პერიმ, რომელიც ჯეფრი დამერის ერთ-ერთი მსხვერპლის ნათესავია, ტვიტერზე შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა: "მე არავის ვეუბნები, რას არ უნდა უყუროს, მაგრამ თუ მსხვერპლების აზრი მართლა გაინტერესებთ, ჩემი ოჯახი ამ შოუს გამო ძალიან გაბრაზებულია. ჩემმა ბიძაშვილმა ემოციური ტრავმა მიიღო, როცა ის კაცი დაინახა, რომელმაც მისი ძმა აწამა და მოკლა".

პერიმ ისიც აღნიშნა, რომ რადგან დამერისა და მსხვერპლთა ოჯახების სასამართლო პროცესების საჯარო ჩანაწერები არსებობს, შოუს პროდიუსერებს იმ ადამიანებისგან ნებართვა არც აუღიათ, რომელთა შესახებაც სერიალი გვიყვება. "შოუს შემქმნელები აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს მსხვერპლთა ოჯახის პატივისცემით აკეთებენ, თუმცა ჩემს ბიძაშვილს არავინ დაჰკავშირებია და შოუს გადაღების შესახებ სხვა მაყურებელთან ერთად გაიგო. ეს სისასტიკეა", — აცხადებს ერიკ პერი.

"ამ ყველაფერს ტრავმის თავიდან და თავიდან გადატანა ახლავს და რისთვის? რამდენი ფილმი, შოუ ან დოკუმენტური ფილმი გვჭირდება?" — ვკითხულობთ პერის განცხადებაში. შოუს პროდიუსერების თქმით კი, მათი პროექტის მიზანი მსხვერპლთა პერსპექტივის ჩვენებაა.

"10 ეპიზოდის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ექცევა დამერის მსხვერპლებისა და იმ ხალხის ჯერ კიდევ უთქმელი ისტორიები, ვინც მისი შეჩერება სცადა, ასევე იმ სისტემური მარცხის ამბავი, რომელმაც მას საშუალება მისცა მთელი ათწლეულის განმავლობაში გაეგრძელებინა მკვლელობების სერია," — ვკითხულობთ სერიალის აღწერაში.