ამის შესახებ ნელი დოროყაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ირმა ჭკადუა ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ადვოკატია, რომელსაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.

  • დოროყაშვილის თქმით, ჭკადუა 2 წლის განმავლობაში მისი და მისი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს არღვევს, როგორც სასამართლოში და მედიასივრცეში, ასევე მის გარეთაც.

დოროყაშვილის თქმით, ჭკადუას ცილისწამებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის უჩივის.

  • "ვგულისხმობ ჩემი და ჩემი შვილის ინტერესების დაკნინებას, ჩემი, როგორც პიროვნების სახელისა და სტატუსის შებღალვას".
  • აღნიშნავს, რომ ჭკადუა არგუმენტს, რომ პროცესზე, სადაც პირადი ცხოვრების დეტალები განიხილება, ბავშვის უფლებები ირღვევა, არგუმენტად იყენებს, რადგან "არ აწყობთ", რომ ეს საკითხი საჯარო გახდეს.
  • მისივე თქმით, მოსამართლემ განაცხადა, რომ იმ ნაწილში, სადაც ჩათვლის, რომ არასრულწლოვანის უფლებები ირღვევა, სხდომას თვითონვე დახურავდა.

დეტალები: გარდა ამისა, დოროყაშვილი ამბობს, რომ გუშინდელ სხდომაზე ბასილაშვილის ადვოკატების მხრიდან მასზე მიზანმიმართული ზეწოლა და დისკრედიტაცია მიმდინარეობდა.

  • "კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ როგორც კი საუბარს დავიწყებდი მე არ მესაუბრა, მთხოვდნენ და მაიძულებდნენ, რომ კი და არა მეპასუხა ნებისმიერ შეკითხვაზე და ეს შეკითხვებიც ისე იყო დასმული, რომ ვერც კი და ვერც არას ვერ ვუპასუხებდი".
  • "როგორც კი ძალადობაზე, რამე ფაქტზე ლაპარაკს ვიწყებდი, მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე, კატეგორიულად მაჩერებდნენ".

დღევანდელ სხდომაზე ბასილაშვილს ყოფილი ცოლისთვის შეკითხვები პირადად უნდა დაესვა, თუმცა მის მაგივრად, კითხვებს ადვოკატები სვამდნენ.

  • გასულ სხდომებზე დოროყაშვილმა ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობასა და დამამცირებელი მოპყრობაზე ისაუბრა.

არქივიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.

  • 22 იანვარს TV პირველმა გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელიც მათი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილს ეკუთვნის.
  • ჩანაწერებში ჩოგბურთელი დოროყაშვილს სოციალურ ქსელში პოსტის რეკლამირებისთვის ეკამათება და ეუბნება, რომ "ღირსება" არ გააჩნია, რაზეც დოროყაშვილი პასუხობს, რომ ამ ფულს დაუბრუნებს.
  • ჩანაწერებში ისმის კამათი შვილთან დაკავშირებით — ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება: "შენ თვითონ გაზრდი და მოუარე".
  • ის ფაილების ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ დიალოგი, სადაც მისი და ყოფილი ცოლის საუბარი ისმის,"სრული სახით ნაჩვენები" არ ყოფილა და "ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა".