ფსევდორეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მათ რუსეთის პრეზიდენტის სახელზე სპეციალური განცხადებები გაავრცელეს.

დეტალები: ე.წ. ლუგანკის რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელმა რუსეთს დროშების ფონზე ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ დონბასი რუსეთის ნაწილია და უკვე 8 წელია "იბრძვიან ოცნებისთვის, დაუბრუნდნენ მშობლიურ ნავსაყუდელს".

  • "პატივცემულო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მოგმართავთ ლუგანსკის ხალხის სახელით, იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკის მოსახელობამ რეფერენდუმზე თანხმობა გასცა, გთხოვთ თქვენ, განიხილოთ ლუგანსკის ეროვნული რესპუბლიკის რუსეთთან გაერთიანების საკითხი", — ამბობს ის, რის შემდეგაც ეკრანზეც რუსული დროშა ჩნდება.
  • ხოლო ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტექსტური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, თითქოს "რეფერენდუმი" ჩატარდა საერთაშორისო სამართლის ყველა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპისა და ნორმის დაცვით.
  • ისიც "სთხოვს" პუტინს, ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში ახალ სუბიექტად მიღებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები კრემლის მარიონეტულმა ძალებმა ჩაატარეს, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს და არცერთი ქვეყანა არ აღიარებს რუსეთის გარდა.

  • პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, წინასწარი შედეგებით, ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მომხრე 98% იყო, ხერსონში კი 97% — თუმცა არ ამბობენ, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
  • მელიტოპოლის მერის განცხადებით, ზაპოროჟიეში მოსახლეობის მხოლოდ 0,5% მივიდა გამოკითხვაზე.
  • ამასთანავე, უკრაინულ მედიებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხალხს დაშინებით აიძულებდნენ ხმის მიცემას და ე.წ. კომისიის წევრები გამოკითხვაზე ჯარისკაცებთან ერთად დადიოდნენ.
  • ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფარსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ოკუპანტები რეფერენდუმს უწოდებენ, უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მორიგი მცდელობაა.

ე.წ. რეფერენდუმი დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, საქართველომ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას უკანონოს, ხოლო უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს მიუღებელს უწოდებს.

  • კანადის პრემიერმა განაცხადა, რომ "რეფერენდუმების" შედეგებს არასდროს აღიარებენ და რუსეთს ახალ სანქციებს უწესებენ.
  • ე.წ. რეფერენდუმებთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა ბრიტანეთმაც.
  • საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სისტემური შეურაცხყოფების ფონზე, "რეფერენდუმი" უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევაა.
  • NATO-ს სახელმწიფოები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების არალეგალურ და უკანონო ანექსიას.