ამის შესახებ რუსული კრიტიკულიკ მედიები წერენ.

დეტალები: რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, 30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა მიმართოს ფედერალურ ასამბლეას და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადოს.

  • დღეს გამოცემა ხოლოდი, მის ხელთ არსებულ წერილებზე დაყრდნობით წერს, რომ კონცერტი 18:00 საათზეა დაგეგმილი და აპირებენ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროიჟიეს რეგიონების რუსეთთან "შეერთება" აღნიშნონ.
  • გამოცემის ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრებად მოსკოვური კომპანიების თანამშრომლებს აგროვებენ.
  • ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ე.წ. ლუგანსკის და ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა "რეფერენდუმის შემდეგ" მიმართეს პუტინს ტერიტორიის ანექსიის მოთხოვნით.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები კრემლის მარიონეტულმა ძალებმა ჩაატარეს.

  • პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, წინასწარი შედეგებით, ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მომხრე 98% იყო, ხერსონში კი 97% — თუმცა არ ამბობენ, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
  • მელიტოპოლის მერის განცხადებით, ზაპოროჟიეში მოსახლეობის მხოლოდ 0,5% მივიდა გამოკითხვაზე.
  • "რეფერენდუმს" ლეგიტიმაცია არ აქვს და არცერთი ქვეყანა არ აღიარებს რუსეთის გარდა.
  • ამასთანავე, უკრაინულ მედიებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხალხს დაშინებით აიძულებდნენ ხმის მიცემას და ე.წ. კომისიის წევრები გამოკითხვაზე ჯარისკაცებთან ერთად დადიოდნენ.
  • ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფარსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ოკუპანტები რეფერენდუმს უწოდებენ, უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მორიგი მცდელობაა.

ე.წ. რეფერენდუმი დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, საქართველომ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას უკანონოს, ხოლო უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს მიუღებელს უწოდებს.

  • კანადის პრემიერმა განაცხადა, რომ "რეფერენდუმების" შედეგებს არასდროს აღიარებენ და რუსეთს ახალ სანქციებს უწესებენ.
  • ე.წ. რეფერენდუმებთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა ბრიტანეთმაც.
  • საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სისტემური შეურაცხყოფების ფონზე, "რეფერენდუმი" უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევაა.
  • NATO-ს სახელმწიფოები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების არალეგალურ და უკანონო ანექსიას.