არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლარსის საზღვარზე ჩრდილოეთ კავკასიელების სპეციალური და უფრო მკაცრი შემოწმების სავარაუდოდ დისკრიმინაციული გამოცდილებას აჩვენებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ისინი ამბობენ, რომ რუსეთში დაწყებული სამხედრო მობილიზაციის პირობებში, რუსეთის მიერ კოლონიზებული და მასთან ისტორიული დაპირისპირების გამოცდილების მქონე საზოგადოებების მხარდაჭერა კავკასიაში საქართველოს ისტორიული როლი, ამოცანა იყო

  • ამასთან, მათივე თქმით, რეგიონში მეგობრული და სოლიდარული ხალხთაშორისი ურთიერთობებისთვის ამ რთულ მომენტში სწორი პოლიტიკური და სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა არსებითია.

დეტალები: განცხადების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ადვილი გადასალახია და ის ძირითადად სპეციალური შემოწმებისა და ლოდინის გარეშე მიმდინარეობს.

  • თუმცა, მედიასთან და ორგანიზაციებთან არაერთი რესპონდენტი განმარტავს, რომ სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანები (ან ისინი ვინც მათ გვანან) საათების განმავლობაში გადიან შემოწმების რთულ და ხანგრძლივ პროცესს მხოლოდ მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში (#222).
  • ორგანიზაციების თქმით, ცხადია, რომ ამ ფონზე ჩრდილოეთ კავკასიელების საზღვარზე შემოწმების სპეციალური და უფრო მკაცრი წესის მოქმედება დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდებს აჩენს.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საზღვრის კვეთის დროს ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სეგრეგირებული და სავარაუდოდ დისკრიმინაციული პრაქტიკა დროულად აღმოფხვრას და ეს პროცესი თანასწორობისა და ღირსების პატივისცემის პრინციპებს დააფუძნოს;

  • ასევე, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორებს მისცენ შესაძლებლობა მოინახულონ ე.წ. ნეიტრალური ზონები, რომ შეძლონ ადგილზე უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ისინი მოუწოდებენ მთავრობას, შექმნას სამუშაო და პოლიტიკური ფორმატები, რომელიც პროცესთან დაკავშირებული რისკების, რელევანტური შემაკავებელი და მაკომპენსირებელი ზომების მიღებაზე საზოგადოებრივ ჯგუფებთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან მსჯელობის სივრცე იქნება;
  • ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, შეიმუშაოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საზღვრის კვეთის მარეგულირებელ კანონმდებლობაში თვითნებობის, დისკრიმინაციული მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლო უფლების ხელყოფის რისკებს შეამცირებს.

განცხადებას ხელს აწერენ სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავკასიური სახლი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI).