ვირუსი და სიმსივნე ადამიანის ორი საშიში მტერია, მაგრამ რა მოხდება თუ პირველს მეორის გასანადგურებლად გამოვიყენებთ?

ორგანიზაცია NHS Foundation Trust-ის მარსდენის სახელობის სამეფო საავადმყოფოს ონკოლოგიური კვლევების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა სწორედ ეს გააკეთეს. მათ მარტივი ჰერპესის ვირუსი (Herpes simplex) გენეტიკურად გარდაქმნეს და ის კიბოს უჯრედების გასაუვნებლად მიმართეს. ამან ერთი პაციენტის სიცოცხლე იხსნა, სხვების შემთხვევაში კი სიმსივნური ქსოვილის ზომა საგრძნობლად შეამცირა.

კშიშტოფ ვოიკოვსკი.

ფოტო: BBC

ახალი თერაპიის წყალობით გადარჩენილი ადამიანი დასავლეთ ლონდონში მცხოვრები 37 წლის კშიშტოფ ვოიკოვსკი გახლავთ, რომელსაც 2017 წელს სანერწვე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

"მითხრეს, რომ აღარაფრის გაკეთება შეიძლებოდა, ამიტომ სიკვდილისწინა სამედიცინო მომსახურებას ვიღებდი. ეს გამანადგურებელი იყო, შესაბამისად, ამ ცდაში მონაწილეობის მიღების შანსი რომ მომეცა, გასაოცარია", — აცხადებს კშიშტოფი.

მსგავსი ექსპერიმენტული მკურნალობა ხშირად წარუმატებელია, თუმცა ვოიკოვსკის შემთხვევაში, თერაპიამ გაამართლა.

"ინიექციებს ხუთი კვირის განმავლოაბში, ორ კვირაში ერთხელ ვიკეთებდი, რამაც ჩემი სიმსივნე სრულად გააქრო. უკვე ორი წელია, რაც კიბოსგან თავისუფალი ვარ", — ამბობს ის.

RP2-ის სახელით ცნობილი ინიექცია პირდაპირ სიმსივნურ ქსოვილში შეჰყავთ, სადაც ვირუსი მავნე უჯრედებს უტევს და ანადგურებს. ამ პროცესში კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად იმუნური სისტემაც აქტიურდება.

ცდაში მონაწილე 40 პაციენტში, 9-დან 3-ის ორგანიზმში, მხოლოდ RP2-ის მეშვეობით, სიმსივნე დაპატარავდა. იგივე დადებითი შედეგი იყო 30-დან 7 ადამიანში, რომელსაც დამატებით მედიკამენტი ნივოლუმაბი ეძლეოდა. ეს მონაცემები მეცნიერებმა ESMO Congress-ის ღონისძიებაზე წარადგინეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კლინიკური კვლევების ასეთ ადრეულ ეტაპზე მთავარი მიზანი თერაპიის უსაფრთხოებაში დარწმუნებაა, ამიტომ მსგავსი შედეგის მიღება იშვიათია. თანაც, ექსპერიმენტულ ცდებში მონაწილეობას ისეთი პირები იღებენ, რომელთაც, დაავადების ურთულესი ფორმიდან გამომდინარე, სხვა გზა უკვე აღარ აქვთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი თერაპია იმედის მომცემია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.