სახალხო დამცველი BM.GE-ს მთავარი რედაქტორის თელარა გელანტიასთვის საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შემთხვევებს გამოეხმაურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჟურნალისტი მთავრობის სხდომაზე ორჯერ, 12 და 26 სექტემბერს არ დაუშვეს.

  • როგორც ჟურნალისტი აღნიშნავდა, პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ცხადაძემ განუმარტა, რომ "ის წესებს არღვევს, ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს";
  • გელანტიამ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად ომბუდსმენს მიმართა.

დეტალები: სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო პერიოდში, არაერთხელ გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის ტენდენცია.

  • რაც სახალხო დამცველმა თანასწორობის პრინციპთან წინააღმდეგობაში მყოფ პრაქტიკად შეაფასა;
  • მოუწოდებს ხელისუფლებას, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომებზე დასწრებისა და მათთვის სასურველი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ.
  • "სახალხო დამცველი განაგრძობს თელარა გელანტიასთვის მთავრობის სხდომებზე დასწრების შეზღუდვის საკითხს, მათ შორის, თვალყურს ადევნებს მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის კუთხით არსებულ მდგომარეობას".

ომბუდსმენი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ საჯარო დებატებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი თითოეული წევრის ჩართულობის აუცილებელი წინაპირობაა.

  • "თავის მხრივ, კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში";
  • "სახალხო დამცველი საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე".