ამერიკელმა კერლი ბლექბერნმა, რომელსაც მუშაობის დაწყება Nike-ში სურდა, CV-ის გაგზავნის კრეატიული გზა მოიფიქრა. კერლიმ თავისი CV ტორტზე დაბეჭდა და Nike-ის მთავარ ოფისში სწორედ ასე გააგზავნა. მოგვიანებით კერლიმ ტორტის ფოტო LinkedIn-ზე გამოაქვეყნა და ეს ამბავი ინტერნეტში მაშინვე ვირუსულად გავრცელდა.

ბლექბერნის თქმით, Nike-ში მუშაობის დაწყება დიდი ხნით ადრე სურდა, ამიტომ ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღებამდე საკმაოდ ბევრი იფიქრა. მან ასევე დასძინა, რომ CV-ის ტორტის სახით გაგზავნა მეგობრის იდეა იყო.

ფოტო: LinkedIn

ბლექბერნმა წინასწარ იცოდა, რომ Nike-ში დიდი წვეულება იმართებოდა, რომელსაც ლებრონ ჯეიმსი, კოლინ კეპერნიკი და სხვა ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. ამიტომ, ყურადღების მისაქცევად ბლექბერნმა ტორტის გაგზავნა გადაწყვიტა და მიზანს მიაღწია კიდეც.

იდეის განხორციელებაში კერლის მიტანის სერვისის კურიერი დაეხმარა, რომელსაც ჩანაფიქრი ძალიან მოეწონა და ტორტი დანიშნულების ადგილზე შესაფერის დროს მიიტანა. კერლის მცდელობამ კი შედეგი გამოიღო და მას Nike-ის წარმომადგენელი უკვე დაუკავშირდა. როგორც კერლის პოსტიდან ვიგებთ, მას სხვა კომპანიების წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ და შემდეგ კვირაში რამდენიმე გასაუბრებაზე დაიბარეს.