ამერიკის ხმის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო უწყებები ჯერ კიდევ ამოწმებენ "ისლამური სახელმწიფოს" შესაძლო კავშირს მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან. ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, ინგლისის ტერაქტი გვახსენებს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე რეალურია და ის ოდნავადაც არ შემცირებულა.

"ისლამურ სახელმწიფოსა და მანჩესტერის ტერაქტს შორის კავშირს ჯერ კიდევ ვამოწმებთ," - თქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუთსმა სამშაბათს სენატში გამოსვლისას.

ისლამური სახელმწიფოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მანჩესტერში გამართული კონცერტისას ბომბი "სახალიფოს ერთ-ერთმა ჯარისკაცმა აამოქმედა." აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი ქოუთსი კი ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფო", ფაქტობრივად, ყველა ტერაქტს იჩემებს.

"ისლამურმა სახელმწიფომ მომხდარზე პასუხისმგებლობა დაუყოვნებლივ იკისრა. ვფიქრობ, საეჭვო არაფერია," - თქვა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა შეფმა, რობერტ გეიტსმა. მან ეს განცხადება ვაშინგტონში, "დემოკრატიათა დაცვის ფონდის" შეკრებაზე გააკეთა. გეიტსის თქმით, მეორეხარისხოვანია, თავდასხმა უშუალოდ "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა, თუ ამ ორგანიზაციის ქმედებებით იყო შთაგონებული, რადგან ნაპერწკლის როლი სწორედ "ისლამურმა სახელმწიფომ" შეასრულა.