ერთი შეხედვით ჩვენი მზე გამორჩეული ვარსკვლავია. ის არამხოლოდ სიცოცხლის წარმოშობასთანაა დაკავშირებული არამედ ცაში ყველაზე დიდადაც მოსჩანს. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. თუ გალაქტიკას უფრო ფართო მასშტაბებიდან შეხედვათ, დაინახავთ, რომ მზე არც ისე დიდია. მეტიც, ის ზომით ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავია. ჩნდება შეკითხვა, მაშინ რომელია სამყაროში ყველაზე დიდი ვარსკვლავი?

"ამაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რას ვგულისხმობთ ვარსკვლავის მასას, თუ მთლიან მოცულობას — ანუ რა ადგილს იკავებს ის", — ამბობს ფილ მასეი, ასტრონომი ლოუელის ობსერვატორიიდან.

ყველაზე მძიმე ვარსკვლავები ზოგჯერ არ არის ძალიან დიდი ზომის, ხოლო გიგანტური ზომისები ხშირად შედარებით მსუბუქია. ეს იმიტომ ხდება, რომ ასაკთან ერთად ვარსკვლავები ფართოვდებიან და მასას კარგავენ.

"ეს ადამიანის მაგალითს ჰგავს. მაღალი ადამიანი შეიძლება სულაც მცირე წონის იყოს", — აღნიშნავს მასიე.

ვთქვათ, ვსაუბრობთ მასაზე. მასის მხრივ რეკორდსმენი ვარსკვლავი R136a1-ია. ის დედამიწიდან დაახლოებით 160 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს მაგელანის დიდ ღრუბელში, პატარა გალაქტიკაში, რომელიც ბრუნავს ირმის ნახტომის გარშემო. რაც შეეხება დიამეტრს, ეს ვარსკვლავი 40-ჯერ აღემატება ჩვენს მზეს და 200-ჯერ უფრო მასიურია. ამასთან, ის შედარებით ახალგაზრდაა — დაახლოებით 1 მილიონი წლისაა და გაფართოებაც დიდად არ დაუწყია.

თუ ყველაზე დიდ ვარსკვლავს დიამეტრის მიხედვით განვსაზღვრავთ, რამდენიმე პრედენტი გვყავს. ამ სიის სათავეში არის UY Scuti. ამ წითელი ჰიპერგიგანტის დიამეტრი დაახლოებით 1700-ჯერ აღემატება მზისას. მზე რომ ალუბალი ყოფილიყო, UY Scuti იქნებოდა 10 სართულიანი სფერო. თუმცა, ძალიან შორეული ვარსკვლავების დიამეტრის განსაზღვრაში ბევრი გაურკვევლობაა (UY Scuti არის დაახლოებით 9 500 სინათლის წლით დაშორებული). დიამეტრის დასადგენად მეცნიერებმა უნდა იცოდნენ, თუ რამდენ შუქს გამოიმუშავებს ვარსკვლავი. არადა წითელი ჰიპერგიგანტები, როგორიცაა UY Scuti, ხშირად "ცვლადია", რაც ნიშნავს, რომ მათი სიკაშკაშე ხშირად იცვლება, შესაბამისად ცდომილების რისკები იზრდება.

სხვა მსგავსი ვარსკვლავია WOH G64, კიდევ ერთი წითელი სუპერგიგანტი (5 მილიონ წელზე ნაკლები ასაკის), რომელიც მდებარეობს მაგელანის დიდ ღრუბელში და მისი დიამეტრი დაახლოებით 1500-ჯერ აღემატება მზისას.

თუ რომელიმე ამ ვარსკვლავს ჩვენი მზის სისტემის ცენტრში მოვათავსებთ, ისინი მოიცავენ ყველა შიდა პლანეტას იუპიტერამდე.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მზე შეიძლება არ იყოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი სამყაროში, ის ნამდვილად არ არის ყველაზე პატარა. მაშ, რომელია ყველაზე პატარა ცნობილი ვარსკვლავი? ეს პატივი EBLM J0555-57Ab-ს მიენიჭა. ეს 2017 წლის კვლევის მიხედვით ვიცით, რომელიც ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

EBLM J0555-57Ab უფრო პატარაა ვიდრე პლანეტა სატურნი. სულ ცოტაც და ის ვერ შეძლებდა ბირთვული შერწყმის შენარჩუნებას და კლასიფიცირდებოდა როგორც ყავისფერი ჯუჯა — ვერ შემდგარი ვარსკვლავი.

რა თქმა უნდა, სამყარო უზარმაზარია და ეს ვარსკვლავები მხოლოდ ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოშია. ჩვენ არ შეგვიძლია გავზომოთ ვარსკვლავები ირმის ნახტომის მეორე მხარეს, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი ზომების დადგენა კიდევ უფრო შორს.

"კოსმოსში ძალიან ბევრი მტვერია, ძალიან ბევრი რამ მოქმედებს სინათლეზე. და სანამ UY Scuti და EBLM J0555-57Ab წარმოადგენენ ვარსკვლავის შესაძლო ზომის ზედა და ქვედა ზღვარს, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს წარმოდგენა, თუ რამდენად მასიური ან მძიმე შეიძლება იყოს ვარსკვლავი", — ამბობს მასიე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.