ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღის წინ აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ ნაციონალური მოძრაობის წევრთან, თენგო სანაიასთან მიმოწერა გამოაქვეყნა.

  • როგორც ფოტოებში ჩანს, სანაია მას იარაღით ემუქრება;
  • გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგო სანაია გამოკითხვაზე იყო გადაყვანილი.

დეტალები: როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უწყებამ მომხდარზე საქმე გუშინ საღამოს აღძრა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ის უთხრეს, რომ გამოძიება მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

არქივიდან: ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა.

  • გუშინ პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გიორგი მუმლაძის მხრიდან პროვოკაციების მოწყობის მცდელობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს "რუსული ოცნების სტრატეგიაა";
  • ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ ბადრი ბასიშვილმა ენმ-ის პოლიტსაბჭო დატოვა.