ბრიტანულმა კომპანია Chairbox-მა სოციალურ ქსელებში კუბოს ფორმის საოფისე სკამის დიზაინი წარადგინა. კომპანიის განცხადებით, კუბოს ფორმის სკამები იმ ადამიანებისთვის შექმნეს, რომლებიც დღეში 6-8 საათი სხედან და ისე მუშაობენ. Chairbox-ის განმარტებით, ამ დიზაინის შექმნის მიზეზი კვლევის შედეგებია, რომლის მიხედვითაც, დღეში 6-8 საათი სკამზე ჯდომა სიკვდილის რისკს ზრდის.

"ადამიანები იმისთვის არ შექმნილან, რომ დღეში 8 საათი სკამებზე გაატარონ. ჩვენს ქცევაში ამგვარი ცვლილება სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, ამიტომ ჩვენი სხეულები ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული. ასე რომ, ჩვენს ახალ პროდუქტს — კუბოს ფორმის საოფისე სკამს წარმოგიდგენთ. თუ თქვენი თანამშრომელი სამსახურში მოკვდება, მენეჯერმა ახალ საოფისე სკამს უბრალოდ თავსახური უნდა დააჭედოს და კორპორაციულ სასაფლაოზე გააგოროს. მარტივად და ეფექტურად!", — ვკითხულობთ Chairbox-ის ინსტაგრამზე.

Chairbox-მა კუბოს ფორმის საოფისე სკამების 3D მოდელი ინტერნეტში განათავსა და ფოტოები მაშინვე ვირუსულად გავრცელდა. კომპანიის პოსტის მიხედვით, მათი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

"შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ სამსახურში ნელ-ნელა თავს ვიკლავთ და სანაცვლოდ თითქმის ვერაფერს ვიღებთ. მუდმივად მუშაობა უბრალოდ არასწორია და ნებაყოფლობით მონობას ჰგავს. ჩვენ გვაბრაზებს იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრება ასეთი არ უნდა იყოს. მუდმივად ვსხედვართ კუბოებში და დაინტერესებული მხარისთვის ვმუშაობთ, მაგრამ ბოლოს, როგორც კი ამის დრო დადგება, საოფისე სკამებზე უბრალოდ თავსახურს დაგვაჭედებენ და კორპორაციულ სასაფლაოზე გაგვიშვებენ", — ვკითხულობთ Chairbox-ის განცხადებაში.