აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) დედამიწის ობსერვატორიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ახალი კუნძული გაჩნდა.

ეს მოვლენა ახალ ზელანდიასა და ტონგას შორის გადაჭიმულ წყალქვეშა რიფს უკავშირდება, რომელიც ვულკანების მჭიდრო განლაგებით გამოირჩევა. იქ მდებარე "ჰოუმის" სახელით ცნობილი წყალქვეშა ვულკანი მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ამოიფრქვა, რის შედეგადაც ოკეანის ამ არეალში ლავა და მტვერი გამოთავისუფლდა.

ამოფრქვევიდან 11 საათის შემდეგ, წყლის ზედაპირზე ახალი კუნძული ამოიზარდა. 14 სექტემბერს, ხელოვნურ თანამგზავრ Landsat 9-ზე დამონტაჟებულმა კამერამ Operational Land Imager-2 ზემოხსენებული წარმონაქმნის ფერადი სურათი გადაიღო.

ფოტო: NASA’

პირველადი მონაცემებით დადგინდა, რომ კუნძულის სავარაუდო ფართობი 4 000 კვადრატული მეტრი იყო, სიმაღლე კი — ზღვის დონიდან 10 მეტრი. 20 სექტემბრისთვის, ეს ფართობი 24 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.

ამგვარი ვულკანური აქტიურობა გასაკვირი არაა, რადგან '"ჰოუმი" ტონგა-კერმადეკის სუბდუქციის ზონაში მდებარეობს, სადაც შეჯახების პროცესში მყოფი 3 ტექტონიკური ფილა იკვეთება. მათ შორისაა უზარმაზარი, მსოფლიოში უდუდესი წყნაროკეანური ფილა, რომელიც 103 მილიონ კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა გადაჭიმული.

ამ შემთხვევაში, სუბდუქცია ნიშნავს, რომ წყნაროკეანური ფილა დანარჩენი 2, უფრო მომცრო ფილის ქვეშ "იძირება". ეს პროცესი ერთ-ერთ ყველაზე ღრმა, კერმადეკის თხრილს აფართოებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი კუნძული წყნარ ოკეანეში დიდხანს არ შენარჩუნდება, რადგან მსგავსი ვულკანური წარმონაქმნების "სიცოცხლე" საკმაოდ ხანმოკლეა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.