კულტურისა და სპორტის მინისტრმა ამ თემაზე პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 სექტემბერს პარლამენტში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას, როგორც ქალ მინისტრს, სპორტის ფედერაციებთან ქალთა უფლების კუთხით ბევრი პრობლემა აქვს.

  • მანვე აღნიშნა, რომ სპორტში ძალადობა სერიოზული პრობლემაა და ამაზე სამუშაოა.
  • "ვიღაცას აქვს განცდა, რომ შენ ეს ფული როგორც გინდა ისე გამოიყენო და თუ ვინმე შეგეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო და ასე შემდეგ", — განაცხადა მან.

დეტალები: დღევანდელ ეთერში მინისტრმა თქვა, რომ კონკრეტული ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მისთვის ხელი დაერტყა, მაგრამ არ დაასახელა, ვის გულისხმობდა. ამაზე დასმულ კითხვას კი ასე უპასუხა:

  • "მედიამონიტორს ჩაატარებთ და ნახავთ. მე კი არ ვმალავ, მე ამაზე ღიად ვსაუბრობ სპორტის სამყარომ ზეპირად იცის ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც წარსულშიც შემჩნეული იყო, როცა ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, მუშტი-კრივის სიყვარულით, არა რინგზე თან".
  • წულუკიანის თქმით, ცნობილია, რომ პრობლემები არის მკლავჭიდის ფედერაციაში, თუმცა მათგან შეურაცხყოფის ფაქტი არ ყოფილა.
  • "ეს მე პარლამენტშიც ვთქვი, რომ ვიღაცას არ ეგონოს, რომ რაკი ბატონი სოსო... [ხელით გაწევა მინისტრისკენ] მკლავჭიდს არ ეხება", — თქვა მან.

წულუკიანის განცხადებით, ურთიერთობა აქვს ამ ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფ სპორტსმენებთან და ფედერაციის გვერდის ავლით მათ დაფინანსებას აგრძელებს, რადგან "მოცემულმა ბატონმა განაცხადა, რომ ის იქნება იქ, სადაც არის".

  • წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, რა იყო კონფლიქტის მიზეზი, რაზეც მან განაცხადა: "ფული. [ამბობენ] დაგვიმატეთ ფული და რომ დასვამ კითხვას, კითხვის დასმის უფლება სპორტის მინისტრს არ აქვს თურმე".
  • წულუკიანმა ქალებს მიმართა: "მინდა ქართველ ქალებს და ზოგადად ქალებს, ნებისმიერ ქალს, ვინც ახლა შეიძლება ზის და ტელევიზორს უყურებს ვუთხრა, რომ როგორც კი ძალადობის მუქარა იქნება, მაშინვე უნდა გააკეთოთ შეტყობინება, მაშინვე უნდა თქვათ ამის შესახებ ხმამაღლა."
  • "აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი ვიტყვით, რომ ჩვენ დაგვემუქრნენ ძალადობით, ან გავხდით ძალადობის მსხვერპლი, არავინ პირველად ამას არ დაიჯერებს, მაგრამ ამის მიუხედავად თქვენ არ გაჩერდეთ, უნდა ილაპარაკოთ სიმართლე და ფაქტებით დაამტკიცოთ, რომ ფაქტი იყო ასე".
  • "ასევე, მოძალადე აუცილებლად შეეცდება, რომ თქვენ დაგაბრალოთ მსხვერპლს, რომ თქვენი ბრალია, რომ მსხვერპლი გახდით. ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, ეს ყოველთვის ასეა, რომ დამნაშავე მსხვერპლს აბრალებს, რომ ის მსხვერპლი გახდა, ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც".

ქალმა დეპუტატებმა, ხათუნა სამნიძემ, თამუნა კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა და თეონა აქუბარდიამ წულუკიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

  • დეპუტატებმა განაცხადეს, რომ არ შეიძლება ქალი მინისტრი იმ მდგომარეობაში იყოს, რომ მას ფიზიკურ შეხლამდე უწევდეს საკუთარი ფუნქციების განხორციელება და კაცებთან ურთიერთობა.
  • ასევე, აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც პოლიტიკაშია, უთანასწორობას განიცდის, ამიტომ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მათ მიმართ სოლიდარულები იქნებიან.
  • დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხით, როგორც კაცი დეპუტატები, ასევე, უფლებადამცველები და გენდერული საბჭო უნდა დაინტერესდეს.