მეხსიერება მოწყვლადი რამეა. მისი მოტყუება ან მანიპულაცია მარტივია. მაგალითისთვის, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ "ახსოვს", როგორ შეხვდა დისნეილენდში ბაგს ბანის, მაგრამ ეს უკანასკნელი დისნეის პერსონაჟი არაა.

ყალბი მეხსიერება კოგნიტური უნარი, ანდაც მისი ნაკლებობაა, რომელიც ასევე უკავშირდება ნარცისიზმსა და კონსპირაციების დაჯერების სურვილს.

ჯორჯ ორუელმა კომენტარი გააკეთა ყალბი მეხსიერების შესაძლო პოლიტიკურ გამოყენებაზე თავის რომანში — "1984" — რომელშიც ოკეანიის მოსახლეობას არასწორად ახსოვდა, რომ ისინი ყოველთვის ომში იყვნენ ევრაზიასთან და არა აღმოსავლეთ აზიასთან.

Political Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევა უფრო დეტალურად განიხილავს ამ ფენომენს და იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს პარტიულობა ცრუ მოგონებებზე.

პოლიტიკა შენს მეხსიერებას აფუჭებს

მკვლევრებმა ჩაატარეს ორი გამოკითხვა ცდისპირთა ორ სხვადასხვა ჯგუფზე. თითოეული გამოკითხვა იწყებოდა სუბიექტების დემოგრაფიულ, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე სექციით, მოკლე შემეცნებითი უნარების ტესტთან ერთად. შემდეგ გამოკითხვები გადავიდა ვინიეტების სერიაზე, რომელიც აღწერდა მოვლენებს ან პოლიტიკას, რომლებიც იყო ან რეალური, არასწორად მიკუთვნებული ან აშკარად შეთხზული.

მაგალითისთვის, "არასწორად მიკუთვნებული" ამბავი აღწერდა, როგორ ესაუბრა ერიკ ჰოლდერი (სახელმწიფო მოხელე ობამას ადმინისტრაციის დროს) MSNBC-ს ადმინისტრაციის ნეგატიური სიახლეების გაშუქებასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ყოფილა: ბილ ბარი (სახელმწიფო მოხელე ტრამპის ადმინისტრაციის დროს) შეხვდა Fox News-ის პრეზიდენტ რუპერტ მერდოკს. "გამოგონილი" ამბავი კი აღწერდა, თუ როგორ დაუშვა ტრამპის ადმინისტრაციამ ნარჩენების დიდ ტბებში გადაყრა. თითოეული გამოკითხვა მოიცავდა 18 მსგავს ამბავს.

ფოტო: fortune.com

ავტორების დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას არ ახსოვდა შეთხზული ამბები, მათი 30% "იხსენებდა" ამ ამბებს, ხოლო ის, რაც მათ არასწორად ახსოვდათ, საეჭვოდ ემთხვეოდა მათ პოლიტიკურ კუთვნილებას. მაგალითად, დემოკრატები უფრო ხშირად იხსენებდნენ (არასწორად), რომ ტრამპის ადმინისტრაცია განზრახ აბინძურებდა დიდ ტბებს, ხოლო რესპუბლიკელები უფრო ხშირად იხსენებდნენ (არასწორად), რომ ტრამპმა ხელი მოაწერა კონკრეტულ G.I. კანონპროექტს (რომელსაც რეალურად ობამამ მოაწერა ხელი).

შესაბამისად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პარტიულობა გავლენას ახდენდა არა მხოლოდ ცრუ მოგონებების ქონაზე, არამედ — მათ გახსენებაზეც. ერთი პოლიტიკური პარტიის წევრებს უფრო მეტად "ახსოვთ" მოვლენები, რომლებიც არასდროს მომხდარა, თუკი ამ მოვლენამ მათი პარტია დადებითად წარმოაჩინა, ხოლო მეორე მხარე — უარყოფითად.

რატომ გვაქვს ყალბი მოგონებები?

რა იწვევს ცრუ მოგონებების გაჩენას? მათ მიერ შეგროვებული მონაცემების გარჩევით, ავტორებმა დაადგინეს, რომ ცრუ მოგონებები დაკავშირებულია კოგნიტურ უნართან — უფრო სწორედ, მის ნაკლებობასთან. ანალოგიურად, ვისაც მიდრეკილება აქვს "ფსევდოსიღრმისეული სისულელეების" დაჯერებისკენ, უფრო მოწყვლადები არიან ყალბი ისტორიებისადმი. ამ პროცესში ნარცისიზმიც თამაშობს როლს — მეტისმეტი თავდაჯერება და სისულელეები მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს.