თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ფიქრობენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის, ხაზებზე მოძრავი MAN-ის 45 ავტობუსის მსგავსად, 98 ავტობუსიც გავა. ამის შესახებ On.ge-ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

თბილისში ერთ თვეზე მეტია სრულად ჩამოვიდა გერმანული წარმოების MAN-ის 143 ავტობუსი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შეიძინა, თუმცა, ხაზზე მხოლოდ 45 მათგანი მოძრაობს.

ახალი, ლურჯი ფერის გერმანული ავტობუსები დედაქალაქში 2016 წლის 6 ოქტომბრიდან გამოჩნდა. პირველი ავტობუსის ხაზზე გასვლიდან შვიდი თვეა გასული. საშუალოდ, თბილისის მერია, თვეში, ქალაქში ექვს ახალ ავტობუსს უშვებს. ახალი ავტობუსები მოძრაობენ შემდეგ სამარშუტო ხაზებზე: 61, 51, 87, 37 და 9 მოძრაობენ.

ახალ ავტობუსებს უნდა ემოძრავათ #14 სამარშუტო ხაზზე, თუმცა, ამ დრომდე ბოგდანის ტიპის ავტობუსები დადიან. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ავტობუსების ნაწილი #14 სამარშუტო ხაზზე გასაშვებად მზად არის, თუმცა, დიდ დიღომში გზის საფარის შესაკეთებელი სამუშაოების დასრულებას ელოდებიან. კომპანიაში ამბობენ, რომ MAN-ის ავტობუსები დაზიანებულ გზებზე მოძრაობას გაბარიტების და ტექნიკური მახასიათებლების გამო ვერ შეძლებენ.

ავტობუსების ხაზზე გაშვებასთან დაკავშირებით, დავით ნარმანიამ 2016 წლის 30 სექტემბერს განაცხადა, რომ "როგორც კი ჩამოვა ავტობუსები, მალევე შევლენ ხაზზე". თუმცა, რა პერიოდი იგულისხმა მერმა, უცნობია.