ერთი ცნობილი ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებს 15 წუთით ოთახში მშვიდად დაჯდომა და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა სთხოვეს. მათ შეეძლოთ, ამის ნაცვლად ღილაკისთვის თითი დაეჭირათ და საკუთარი თავებისათვის ელექტრული შოკი მიეყენებინათ.

შოკის მიღება ფიზიკურად უსიამოვნოა, თუმცა ბევრმა იგი მოწყენილობის ემოციურ დისკომფორტს მაინც ამჯობინა. 42 მონაწილიდან თითქმის ნახევარმა ღილაკს ერთხელ მაინც დააჭირა — მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მათ შოკი მანამდეც განიცადეს და ამის თავიდან ასარიდებლად თანხასაც კი გადაიხდიდნენ (სხვათა შორის, მამრობითი სქესის ერთ-ერთმა მონაწილემ ელექტრული შოკი 190-ჯერ მიიყენა).

მოწყენილობა, გაბეზრება, ყველასათვის საშინელი გრძნობაა — გინდა რამით დაკავდე, თუმცა არ შეგიძლია. სინამდვილეში, ამ დროს საკუთარი თავის ტვინი მოქმედებისაკენ გვიბიძგებს, დაახლოებით ისევე, როგორც ფიზიკური ტკივილი მოგვასწავებს ხოლმე საშიშროების ანდა ზიანის შესახებ.

ტვინი სწორედ გაბეზრების საშუალებით გვაფრთხილებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ამ ემოციის მკვლევართა მოსაზრებით, მოწყენილობის თითოეული ეპიზოდი შესაძლებლობაა, რამე უკეთესობისაკენ შევცვალოთ, ნაცვლად თავდასაღწევად ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალების ძიებისა. ამისათვის მხოლოდ ყურადღებით ყოფნა დაგვჭირდება.

ერინ ვესტგეიტი, ფლორიდის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგი და შოკის ექსპერიმენტის თანაავტორი, გაბეზრებას ხელსაწყოთა პანელის შუქს ადარებს, რომელიც გვატყობინებს, რომ სწორ გზას არ ვადგავართ.

"ეს სიგნალია, რომ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, იგი ან მნიშვნელოვანი არ არის ჩვენთვის, ანდა წარმატებით არ შეგვიძლია მისი განხორციელება", — ამატებს ის.

შესაბამისად, მოწყენილობა გამაფრთხილებელი ნიშანია და ნამდვილად გვჭირდება.

გვიბიძგებს თუ არა გაბეზრება მტრულად მოქცევისკენ?

2021 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში ვესტგეიტმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოწყენილობა მონაწილეებს უფრო სადისტური ქცევებისაკენ უბიძგებდა.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში ცდისპირები, რომლებიც 20-წუთიან უინტერესო ვიდეოს უყურებდნენ, უფრო ხშირად აკეთებდნენ ისეთ რაღაცებს, რაც, სავარაუდოდ, მანამდე არ მოუაზრებიათ — ყავის საფქვავში ჭყლეტდნენ მატლებს: ტოტოს, ტიფისა და კიკის (მკვლევრებმა მათ სახელები ადამიანურობის მინიჭების მიზნით შეარქვეს).

იმ 67 მონაწილიდან, რომლებმაც მოსაწყენ ვიდეოს უყურეს, მატლი ყავის საფქვავში 12-მა მათგანმა (18%) ჩააგდო. შედარებისთვის, საინტერესო დოკუმენტური მასალის მაყურებლებიდან (62 ადამიანი) მხოლოდ ერთმა მათგანმა სცადა მატლის დანაკუწება. გასათვალისწინებელია, რომ ასაკუწი ხელსაწყოები ყალბი იყო და ექსპერიმენტის ფარგლებში რეალურად არც ერთი მატლი არ დაზიანებულა.

კავშირი სხვა ექსპერიმენტებმაც აჩვენა მოწყენილობასა და სხვადასხვა სახის ცუდ საქციელს შორის, პროვოკაციული პოსტების გამოქვეყნება იქნება ეს, ბულინგი საკლასო ოთახში თუ სამხედროების მიერ ერთმანეთზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა.

კარგი ამბავი ისაა, რომ გაბეზრება ყოველთვის უფრო მტრულებად არ გვაქცევს — ის უბრალოდ მოქმედებისაკენ გვიბიძგებს, კარგი იქნება ეს თუ ცუდი. მაშინ, როცა უკეთესი ალტერნატივებიცაა ხელმისაწვდომი, შეიძლება, მოწყენილობამ კარგი საქმეები გაგვაკეთებინოს.

ფოტო: Gifer

2 ათასი მონაწილით დაკომპლექტებულ სხვა ექსპერიმენტებში ვესტგეიტმა და მისმა გუნდმა ცდისპირებს როკის ხუთწუთიანი ანდა უფრო საინტერესო ვიდეოს ყურება დაავალეს. კვლევაში სხვა მონაწილეებისათვის ანაზღაურების შემცირება ყველას შეეძლო ყოველგვარი პირადი სარგებლის გარეშე. მოსაწყენი ვიდეოს მაყურებლებმა ეს იმაზე გაცილებით ხშირად გააკეთეს, ვიდრე მათ, ვინც უფრო საინტერესო ვიდეოს უყურებდა.

მეორე მხრივ, როდესაც გაბეზრებულ მონაწილეებს ორი ვარიანტი ჰქონდათ — შეემცირებინათ ან გაეზარდათ უცნობის ანაზღაურება — ფულის გაცემა ადამიანთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, შედარებით ცოტამ კი შეამცირა.

რომ შევაჯამოთ, ასარჩევი ვარიანტების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს: თუკი დროის გასაყვანად თქვენთვის საინტერესო წიგნს ან ისეთ ჰობის შემოგთავაზებენ, რომლით დაკავებაც ყოველთვის გინდოდათ, მეტი შანსია, ამაზე გადაერთოთ, ნაცვლად მატლების დაჭყლეტის, სხვისი ანაზღაურების შემცირების ანდა საკუთარი თავისთვის ელექტრული შოკის მიყენებისა.

ფოტო: Gifer

მოწყენილობა და ტვინი

მოწყენილობა დასვენებისას გამოჩენილი უსაქმურობისგან განსხვავებული გამოცდილებაა. ამ დროს რამის კეთება გინდა, თუმცა არ შეგიძლია, ეს კი დისკომფორტს იწვევს.

ჯეიმს დანკერტმა, კოგნიტიური ნეირომეცნიერების სპეციალისტმა, და მისმა კოლეგებმა 10 ადამიანზე ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) ჩაატარეს. ამ დროს კვლევის მონაწილეები დოკუმენტური ფილმის ნაწყვეტს, ორი კაცის (ისინი სარეცხს ფენდნენ) ვიდეოს ანდა უძრავ გამოსახულებას უყურებდნენ, მეცნიერები კი მათი ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ.

fMRI-ს აპარატში წყნარად ჯდომამ თუ უინტერესო ვიდეოს ყურებამ ტვინის პასიური რეჟიმის ქსელი გაააქტიურა — ტვინის იმ რეგიონთა ერთობლიობა, რომლებიც სანუკვარ რაღაცებზე ფიქრისას აქტიურდება, ფანტაზიორობისას. ამავდროულად, მოსაწყენი ვიდეოს ყურებისას წინა კუნძულის (იგივე წინა ინსულარული ქერქი, წინა ინსულა) მუშაობა შეწყდა — ტვინის იმ რეგიონის, რომელიც გვანიშნებს, რომ გარე სამყაროში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.

ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიანიშნებს: fMRI სკანირებისას მოწყენილი ტვინი უმოქმედო, უბედურ ტვინს წააგავდა.

ფოტო: Tenor

"ცუდი შეგრძნებაა მოწყენილობა", — დასძენს დანკერტი, რომელიც ნაშრომის "ჩემი თავის ქალის მიღმა: მოწყენილობის ფსიქოლოგია" თანაავტორია.

როგორ მოვიქცეთ, როცა მოწყენილები ვართ?

ყველაზე ხშირად სკოლაში ან სამსახურში ვიწყენთ — ისეთ სიტუაციებში, როდესაც მცირე ავტონომია და ნაკლები შანსი გვაქვს ამის გამოსასწორებლად. 4 ათასი ზრდასრული ამერიკელიდან 63%-მა განაცხადა, რომ 10 დღის განმავლობაში თავი მოწყენილად ერთხელ მაინც უგრძნიათ.

ფოტო: Gifer

გაბეზრების ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ იგი რაღაც ცუდის შესახებ გვატყობინებს, თუმცა არ გვეუბნება, რისი გაკეთება შეიძლება. მაშინ, როცა მოწყენილობის უსიამოვნო გრძნობა გვატყდება თავს, მარტივია, რეაქტიულები ვიყოთ და რეფლექსურად ყველაზე ხელმისაწვდომ რამეს გადავწვდეთ: სმარტფონს.

ამგვარ რეაქციას მანკიერი წრის შექმნა შეუძლია — ტელეფონში დროს მაინცდამაინც აზრიანად არ ვატარებთ, ამიტომაც, სავარაუდოდ, ისევ მოიწყენთ.

ფოტო: Tumbl

მეორე მხრივ, გაბეზრებასთან გასამკლავებლად ჯანსაღი გზების მოძებნა ჩვენზევეა დამოკიდებული. ამ გრძნობაზე რეაგირების ნაცვლად, უმჯობესია, მის მიერ გამოგზავნილ სიგნალზე ფოკუსირდეთ. გამოიყენეთ მოწყენილობისაგან მიღებული შესაძლებლობა, რომ თქვენს პრიორიტეტებზე კარგად დაფიქრდეთ და საჭიროების შემთხვევაში ისინი გადააფასოთ.

დაფიქრდით: რომელი სხვა ქმედებები იქნება უფრო აზრიანი? რა დიდი და პატარა მიზნები გაქვთ? რატომაა მნიშვნელოვანი თქვენი საქმე მაშინაც კი, თუნდაც ეს ასე არ ჩანდეს?

გაითვალისწინეთ, რომ მოწყენილობას, ასევე ჩვენი მხრიდან შვების მიღების მცდელობას, ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

"ვფიქრობ, მოწყენილობა ცუდი რეპუტაციით დაუმსახურებლად სარგებლობს", — აცხადებს ვესტგეიტი — "იგი ბევრ ისეთ რაღაცას უკავშირდება, რისი მიღებაც უმრავლესობას გსურს ცხოვრებისგან, ასე ვთქვათ, მდიდრულ, სასიამოვნო, საინტერესო და აზრიან ცხოვრებას. მოწყენილობა უბრალოდ ერთ-ერთი სასარგებლო სიგნალია — შესაძლოა, არასასურველი სიგნალი — რომელიც აქამდე მისვლაში გვეხმარება".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.