ორგანიზაცია საფარმა საქმეზე თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას 25 აგვისტოს მიმართა და რეაგირება მოსთხოვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც საფარი წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

  • ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საუბარია მაღალი თანამდებობის პირზე, რომელიც თანამშრომელი ქალებს დისკრიმინაციულად ექცეოდა, შეურაცხმყოფლად მიმართავდა, სამუშაო სივრცეში შეუფერებელ, საფრთხის შემცველ და ღირსების შემლახავ გარემოს უქმნიდა;
  • საფარის განცხადებით, არსებობს ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება.
  • აღნიშნავენ იმასაც, რომ ამ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გამოიკვეთა კიდევ 2 მაღალჩინოსნის მხრიდანაც.

დეტალები: გათავისუფლების შესახებ განცხადება დღეს, 22 სექტემბერს გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს სტრატკომმაც.

  • მათი განცხადებით, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა გენდერული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელების ფაქტი, ხოლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა;
  • როგორც უწყებაში განმარტავენ, დადასტურების შემდეგ მომზადდა შესაბამისი დასკვნა ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული შევიწროებაში დადანაშაულებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც სამინისტრომ გაიზიარა.

არქივიდან: გენერალური ინსპექციის რეაგირების გაჭიანურების გამო, 9 სექტემბერს, ორგანიზაცია საფარმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

  • საქმის გახმაურების შემდეგ კი ფაქტს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი გამოეხმაურა. უწყებაში განაცხადეს, რომ გენერალური ინსპექცია "აქტიურად მუშაობდა" შემაჯამებელი გადაწყვეტილების მომზადებაზე.