ახალი კვლევის ფარგლებში, დედამიწაზე არსებული უძველესი შრეების შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჩვენი პლანეტის პირველი კონტინენტები არასტაბილური იყო, რის გამოც ისინი მანტიაში "ჩაიძირა", შემდეგ კი ისევ ამოიზარდა.

ეს მიგნება შესაძლოა, ხმელეთის ზედა კლდოვანი შრის, ლითოსფეროს ძველი და სტაბილური უბნების, კრატონების მახასიათებლების უკეთ გარკვევაში დაგვეხმაროს, რომლებიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინ გაჩნდა, კონტინენტურ ცვლილებებს გადაურჩა და ჩვენი მშობლიური ციური სხეულის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.

დედამიწის კონტინენტები უნიკალურია, რადგან ასეთი წარმონაქმნები მზის სისტემის სხვა პლანეტებზე არ გვხვდება. მათი ფორმირება სწორედ კრატონებს უკავშირდება, თუმცა თავად ამ უკანასკნელთა შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ისინი მრავალფეროვან მატერიას აერთიანებს, რომელთა შორისაც განსხვავებული ასაკის, წარმომავლობისა და შემადგენლობის მქონე მინერალებია.

სპეციალისტებმა, კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით, დედამიწის განვითარების პირველი მილიარდი წლის ამსახველი სიმულაცია შექმნეს, რათა ზემოხსენებული უბნების თერმული და ქიმიური ევოლუცია შეესწავლათ. დამატებით, შეამოწმეს, რამდენად მგრძნობიარე იყო მათი მოდელი ამა თუ იმ პარამეტრის მიმართ.

სიმულაციამ აჩვენა, რომ პირველი კონტინენტები მანტიაში ჩაეშვა, სადაც დადნა და სხვა მატერიას შეერია. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ნაწილი სიღრმეში დიდხანს ნარჩუნდება, სანამ ლითოსფეროში ფენა-ფენა არ განლაგდება, რაც მათ სიმტკიცეს განაპირობებს.

ამ დროის განმავლობაში განსხვავებული პირვანდელი მდებარეობისა და შემადგენლობის ძველი და ახალი ფენები ერთმანეთში ირევა, რაც არაერთგვაროვნებას იწვევს. აღნიშნულ პროცესს მკვლევრებმა მასიური რეგიონული ხელახალი განშრევება უწოდეს, რასაც შესაძლოა, კონტინენტების ფორმირებისთვის შეეწყო ხელი.

ეს კვლევა, სავარაუდოდ, ჩვენის მზის სისტემის მიღმა არსებული, სიცოცხლისთვის თავსებადი პლანეტების მოძებნაშიც დაგვეხმარება. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.