კადიროვმა ვიდეომიმართვა ტელეგრამზე გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ გროზნოში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა — ეს კადიროვის ხელმძღვანელობის 15 წლის განმავლობაში მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ პირველი პროტესტია.

კადიროვის თქმით, აქციას 15-20 ქალი დაესწრო, მათგან ორმა "ომში მათი ერთადერთი შვილები გაუშვა".

მიუხედავად იმისა, რომ აქცია 15 სექტემბერს ჩეჩნეთში გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ სამხედრო ასაკის ბიჭების დედებმა გამართეს, კადიროვმა თქვა, რომ ისინი, ვინც პროტესტში მონაწილეობა 21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო მიიღეს, "ხალხის მტრები არიან", უნდა დააკავონ და საომრად გააგზავნონ.

მან ზოგიერთი მონაწილე "ევროპული ორგანიზაციებისგან" ფულის აღებაშიც დაადანაშაულა.

"როცა მათ ჰკითხეს, "რა გინდათ და აქ რატომ ხართ?", თქვეს, რომ საცხოვრებლის და სოციალური პრობლემები ჰქონდათ. მე ვთქვი, რომ თუ სახლში არ ჰყავთ კაცი, რომელიც მათ მიხედავდა... ისინიც იმ ტერიტორიაზე უნდა იყვნენ, სადაც რუსეთი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს".

ოპოზიციური ტელეგრამ არხი, 1ADAT პირველი იყო, რომელმაც 20 სექტემბერს მობილიზაციის საწინააღმდეგო პროტესტის შესახებ ინფორმაცია გავრცელა, თუმცა აღნიშნა, რომ ტერიტორია უკვე შემოღობილი იყო.

იმავე საღამოს ჩეჩნეთის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Vayfond-მა გროზნოს ცენტრში მობილიზებული ხალხის ფოტო გაავრცელა და განაცხადა, რომ იქ დედები გასაპროტესტებლად იყვნენ შეკრებილი.

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ რაიმე სახის შეკრება უარყო და ამტკიცებდა, რომ ხალხი უკრაინაში დაღუპული ჩეჩენი მეომრების პატივსაცემად გამართულ რელიგიურ ღონისძიებას ესწრებოდა.

21 სექტემბერს 1ADAT-მა დაწერა, რომ ქალები გროზნოს ცენტრში პროტესტის დაწყების ოფიციალურ დროზე ნახევარი საათით ადრე შეიკრიბნენ. არხის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ყველა დააკავა და გროზნოს მერიაში გადაიყვანა.

არხმა პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის შეტყობინება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "აქციიდან, დაახლოებით, 130 ქალი წაიყვანეს და თითოეულს 3-დან 5-მდე კადიროველი აკავებდა".

მან ასევე აღნიშნა, რომ იქ შეკრებილ ქალებს შორის მხოლოდ რამდენიმეს შვილი გაუშვეს უკრაინაში — დანარჩენები ის ქალები იყვნენ, რომლებსაც ეშინოდათ, რომ მათ შვილებსაც საბრძოლველად გაიწვევდნენ.

1ADAT-მა განაცხადა, რომ აქციის შემდეგ, პროტესტში მონაწილეების შვილები დააკავეს და გუდერმეში, გროზნოდან აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში გააგზავნეს.

"ამ ღორებმა ამ ქალების ვაჟები გაიტაცეს და აიძულეს (დაემუქრნენ, რომ დედებს რაიმეს დაუშავებდნენ) ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომ უკრაინაში მოხალისეებად წავიდოდნენ. ახლა ისინი სამხედრო სამზადისს გადიან".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.