საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ორი ქვეყნის წარმომადგენელმა შესაბამის დოკუმენტს ხელი დღეს, 23 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერა:

"ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე, მხარეები წინასწარ აუცილებლად განახორციელებენ ძეგლების კომპლექსურ (არქეოლოგიური, გეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციული) კვლევებს, ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, აღნიშნული კვლევების პროცესში, უზრუნველყონ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა."

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • პირველ ეტაპზე, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
  • მეორე ეტაპზე, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეირჩევა, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
  • მესამე ეტაპზე კი, უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია, მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები, ასევე იღებენ ვალდებულებას, თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს, თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციის (ფოტოსურათები, პროექტები, გრავიურები, რუქები და სხვ.) და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში.