არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სექტორი ბოლო რამდენიმე წელია ღიად საუბრობს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის — "კლანის" არსებობაზე, რომლითაც მოქმედი და წინა ხელისუფლებები სასამართლო სისტემას აკონტროლებდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ჯგუფი უკვე 15 წელია თანამშრომლობს პოლიტიკურ ხელისუფლებებთან და იყენებს მოსამართლეზე უკანონო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს.

  • არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საზოგადოებაში დასმულ კითხვებზე სიმართლის დადგენის ეფექტიან მექანიზმად პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა ესახებათ, რომლისთვისაც ხმათა საჭირო რაოდენობა საპარლამენტო ოპოზიციას გააჩნია.

დეტალები: NGO-ების თქმით, ყოფილი მოსამართლეების საჯარო განცხადებები წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც სათანადო რეაგირება აუცილებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მიზნით;

  • ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა;
  • "მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა", — წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი; დემოკრატიის ინდექსი — საქართველო; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);

  • უფლებები საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო.