ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა, იუპიტერისა და მარსის შემდეგ, მზის სისტემის კიდევ ერთი პლანეტის, ნეპტუნის გამოსახულება მოიპოვა. NASA-ს მიერ ახლახან გავრცელებულ შთამბეჭდავ სურათზე ციური სხეულის რგოლები და ბუნებრივი თანამგზავრებიცაა აღბეჭდილი.

"სამი დეკადა გავიდა მას შემდეგ, რაც ეს მკრთალი, მტვრიანი რგოლები ბოლოს ვიხილეთ, ინფრაწითელ სპექტრში კი ისინი პირველად დავინახეთ", — ამბობს მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის მონაცემებზე მომუშავე მეცნიერი, ჰეიდი ჰემელი.

ნეპტუნი მზისგან იმდენად მოშორებით მდებარეობს, რომ ჩვენი ვარსკვლავი იქიდან ძალიან პატარა და ნაკლებად კაშკაშა გამოჩნდებოდა. მას ყინულის გიგანტს უწოდებენ, რადგან აირისგან შედგენილი იუპიტერისა და სატურნისგან განსხვავებით, წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებით ბევრად მდიდარია. ეს მის მოლურჯო შეფერილობას განაპირობებს, რასაც ჰაბლის მიერ გადაღებული ფოტოებიც ცხადყოფს.

ვები ინფრაწითელ სპექტრში "ხედავს", ამიტომ ახალ სურათზე ნეპტუნი ლურჯად არ ელვარებს. პირიქით, მასში არსებული მეთანი წითელ და ინფრაწითელ სინათლეს იმდენად შთანთქავს, რომ ციური სხეული აქ ბნელი დისკოს სახითაა წარმოდგენილი, რომლის ფონზეც მისი ატმოსფეროს ზედა ფენებში მოძრავი ღრუბლები კაშკაშებს.

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI

ეკვატორის გასწვრივ განლაგებული ნათელი სარტყელი შესაძლოა, ნეპტუნის გლობალურ ატმოსფერულ ცირკულაციას გვიჩვენებდეს, რომელიც იქ ქარსა და შტორმებს "კვებავს". ეკვატორთან ატმოსფერო დაბლდება და თბება, რის გამოც ინფრაწითელ სპექტრში უფრო მეტად ანათებს, ვიდრე გარემომცველი ცივი აირები.

პლანეტის 164-წლიანი ორბიტული პერიოდი ნიშნავს, რომ მისი ჩრდილოეთ პოლუსის დანახვა ასტრონომებს არ შეუძლიათ. სამაგიეროდ, ვების სურათში ამ არეალის სიკაშკაშე შეინიშნება ისევე, როგორც იქ არსებული მორევი, რომლის არსებობის შესახებაც აქამდეც ვიცოდით, და მისი მიმდებარე ღრუბლები, რომლებიც პირველად გამოვლინდა.

კადრში ნეპტუნის 7 ბუნებრივი თანამგზავრიც მოხვდა: გალათეა, ნაიადი, ტალასა, დესპინა, პროთეუსი, ლარისა და ტრიტონი. ეს უკანასკნელი სურათის ზედა კუთხეში გამოსახული, დიფრაქციული შვერილების მქონე, ვარსკვლავის მსგავსი ობიექტია. ის მზის სხივების 70%-ს ირეკლავს, ამიტომ ფოტოზე ნეპტუნზე ბევრად ნათელია. მისი უჩვეულო, რეტროგრადული ორბიტის გამო ვარაუდობენ, რომ ის იქ კოიპერის სარტყლიდან მოხვდა, რადგან პლანეტის გრავიტაციამ მიიზიდა.

მეცნიერები მომდევნო წელს ვების მეშვეობით ნეპტუნისა და ტრიტონის წყვილის უკეთ შესწავლას გეგმავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.