აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო გააკრიტიკა და ბირთვულ იარაღზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას შეეხო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინი დღეს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა და თქვა, რომ რუსეთს "სხვადასხვა ქვეყნის განადგურების საშუალებები" აქვთ, ზოგიერთ კომპონენტში კი უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს.

  • ის ამბობს, რომ თუ მათი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, მათ ხელთ არსებულ "ყველა საშუალებას" გამოიყენებენ.
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება და სხვას აბრალებს შესაძლო ბირთვულ კატასტროფას მაშინ, როცა ატომურ ელექტროსადგურებს რუსული ძალები ბომბავენ.

დეტალები: ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრით რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობის ძირითადი პრინციპები დაარღვია.

  • ასევე, აღნიშნა, რომ მოსკოვი უპასუხისმგებლოდ იქცევა, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარას აჟღერებს.
  • "გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და ცდილობდა, რუკიდან გაექრო სუვერენული სახელმწიფო, რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები".

პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა.

  • ამ გადაწყვეტილების გამართლება პროპაგანდისტული ნარატივით სცადა და განაცხადა, თითქოს რუსული ჯარები არამხოლოდ "ნეონაცისტურ ჯგუფებს", არამედ "კოლექტიურ დასავლეთს" ებრძვიან.
  • ვინაიდან მობილიზაცია დღეიდან დაიწყო, რუსეთში პანიკაა და მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნიდან თავის დაღწევას დღესვე ცდილობს.