ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანი ალექსანდრე ვოლფოვიჩი, დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ხელისუფლება მობილიზაციას არ გამოაცხადებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა. ამის ფარგლებში ჯარში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.

  • რუსულ წყაროებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეები ცდილობენ ქვეყნის დატოვებას — არსებული ინფორმაციით გაიყიდა დღევანდელი ბილეთები სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით;
  • უკრაინული მედია Unian კი წერს, რომ რუსეთში Google-ის საძიებო სისტემაში გახშირდა ძიება, როგორ "მოიტეხონ ხელი".

დეტალები: როგორც უკრაინსკა პრავდა ბელაურის სახელმწიფო მედიაზე, ბელტაზე დაყრდნობით წერს, ვოლფოვიჩი დღეს მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა.

  • "მობილიზაცია — ეს ჩვენთვის არ არის, ბელარუსი ხალხი და ქვეყანა ისედაც მობილიზებულია და მზად არის, რა თქმა უნდა, ღმერთმა არ ქნას, წინააღმდეგოს და გასცეს პასუხი იმ ძალებით, რომელიც ამისთვის არის განსაზღვრული", — განაცხადა მან.