ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) მარსზე განხორციელებული მისიის Tianwen-1 ფარგლებში იქ გაშვებული ზონდისა და მავალის Zhurong მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები გაასაჯაროვა.

ხომალდები მარსისკენ 2020 წლის ივლისში გაგზავნეს, ციურ სხეულამდე მიღწევას კი თითქმის 6 თვე დასჭირდა. აპარატებისგან 1 480 გიგაბაიტი მოცულობის ინფორმაცია მივიღეთ, მათ შორისაა სავარაუდო მტკიცებულება, რომელიც წითელ პლანეტაზე მდებარე უტოპიის დაბლობზე ძველად ოკეანის არსებობის შესახებ ჰიპოთეზას ამყარებს.

მეცნიერებმა, რომლებმაც აღნიშნული მონაცემები გააანალიზეს, მარსის ზედაპირის მყარ ფენაში ჰიდრატირებული მინერალები აღმოაჩინეს. ასეთი ფენის გაჩენას მიწისქვეშა წყლის აორთქლება იწვევს. სპეციალისტების თქმით, უკანასკნელი მიგნება მიუთითებს, რომ ბოლო 1 მილიარდი წლის გარკვეულ პერიოდში ამ არეალში დიდი რაოდენობით თხევადი წყალი იყო.

ფოტო: CNSA/PEC

ასევე, დადგინდა, რომ მარსის გრუნტი საკმაოდ გამძლეა და ხახუნის დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. აქედან ასკვნიან, რომ უტოპიის დაბლობზე ეროზია ქარის, წყლის ან ორივე მათგანის გავლენითაა განპირობებული.

წითელ პლანეტაზე ძველად ოკეანის არსებობის ჰიპოთეზა ახალი არაა. ამ მოსაზრებას სიმულაციებიც უჭერს მხარს. მეტიც, მეცნიერებს აქამდე უტოპიის დაბლობის მიმდებარედ წყალქვეშა ყინულიც კი აქვთ აღმოჩენილი. ჩინური კოსმოსური აპარატები იქ ფუნქციონირებას განაგრძობს და მეტი მტკიცებულების მოპოვებას შეეცდება.

Tianwen 1-ის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები გამოცემებში Nature Astronomy, Nature Geoscience და Science Advances გამოქვეყნებულ ნაშრომებშია თავმოყრილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.