დიდი ალბათობით, საყიდლებზე ყოფნისას ხშირად გიმჯობინებიათ ერთი ნივთი მეორეს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული ფერის გამო. ამ მოვლენას, რომელიც თქვენს არჩევანზე ფერის საშუალებით ახდენს გავლენას, ბრენდები "ფერის მარკეტინგს" უწოდებენ. კომპანიები, რომლებსაც სურთ, ასოცირდებოდნენ საიმედოობასთან, ხშირად, ირჩევენ ლურჯ ფერს (Dell, HP, IBM), ხოლო კომპანიები, რომლებსაც აღტაცებისა და სიხარულის გამოხატვა სურთ, ფორთოხლისფერს იყენებენ (Fanta, Amazon, Nickelodeon).

მაგრამ იმალება რაიმე უფრო ღრმა ფერების ფსიქოლოგიაში? რამდენის თქმა შეგვიძლია ადამიანზე მისი საყვარელი ფერის მიხედვით? რას გვეუბნება ჩვენს ხასიათზე საძინებლის დომინანტური ფერი? ალბათ, არც თუ ბევრს.

ფერების ფსიქოლოგიის კვლევები

სხვადასხვა კვლევამ და ექსპერიმენტმა წლების განმავლობაში (2010, 2014, 2015, 2019), ფერების ფსიქოლოგიის გამოყენებით, მოგვცა მეტი ინფორმაცია საყვარელი ფერისა და ხასიათის კორელაციის შესახებ. ესაა ის 4 რამ, რაც ვიცით:

ფერთა კავშირები — ფერების ფსიქოლოგიის კვლევების უმრავლესობა ცდილობს, დაადგინოს კავშირები ადამიანის საყვარელ ფერსა და ხასიათს შორის (მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც უყვართ ფერი X, უფრო ხშირად აკეთებენ Y-ს). ფეტერმანმა და სხვა მკვლევრებმა წარმოაჩინეს სისტემატური კავშირი წითელ ფერზე უპირატესობასა და ინდივიდუალურ განსხვავებებს შორის ინტერპერსონალურ მტრულ დამოკიდებულებაში. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ დაკოტაში 376 სტუდენტიდან, უფრო მტრულად განწყობილი ისაა, ვისაც წითელი უყვარს. ანალოგიურად, ერთმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა 104 ახალგაზრდა სერბ სტუდენტზე, აჩვენა კორელაცია "სოციალურ ინტროვერსიასა და ნევროტიზმს/შფოთვას" და მუქი ფერებისთვის უპირატესობის მინიჭებას შორის, ხოლო "აგრესია და აქტივობა" ასოცირდება მათთან, ვისაც უყვარს ღია ფერები.

ქცევითი ბიძგები — ხასიათის კვლევებზე უფრო დამაჯერებელი და მასშტაბური მომხმარებლების ქცევაზე ფოკუსირებული კვლევებია. მაგალითისთვის, British Medical Journal-მა აღმოაჩინა, რომ წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი წამლების ფორმულირებები აღიქმება როგორც მასტიმულირებელი, ხოლო ლურჯი და მწვანე — როგორც დამამშვიდებელი. ამავდროულად, წამლები შავსა და წითელ ფერებში აღიქმება, როგორც ძლიერი, ხოლო თეთრი ფერის წამლები — პირიქით. კიდევ ერთ კვლევაში ნიემ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ლურჯი ფონის დანახვისას ადამიანებს უფრო უჩნდებოდათ შემოწირულობის გაკეთების სურვილი, ვიდრე წითელი ფონის შემთხვევაში, რადგან ლურჯი ადამიანში აღვივებდა ალტრუიზმის გრძნობას. აშკარა მომგებიანობის გათვალისწინებით, მარკეტოლოგები და ქცევითი ფსიქოლოგები ხშირად ატარებენ გამოკითხვებსა და კვლევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ფერები ჩვენს ხარჯვის ჩვევებზე (და როგორ შეიძლება შეიცვალოს ისინი).

ფოტო: Big Think

გარემო და განწყობა — ფენგ შუეი ჩინური ანტიკური ჩინური ხელოვნებაა, რომელიც გვასწავლის, როგორ შევქმნათ კომფორტული გარემო. ამ პროცესში მთავარი გასაღები გარემოს იმგვარად შეცვლაა, რომ კონკრეტულ განწყობასა და ოთახის ფუნქციას ასახავდეს. ფენგ შუეისთან მიმართებაში ბევრი ფსევდომეცნიერული მტკიცება არსებობს, თუმცა ასევე არსებობს რამდენიმე დამტკიცებადი ასპექტი. მაგალითისთვის, გუნდმა მელბურნიდან აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც მწვანე ხედს უყურებდნენ, გაცილებით ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ და წარმოაჩენდნენ გასაოცარ კონცენტრაციას იმ სტუდენტებთან შედარებით, რომლებიც ბეტონის სახურავის ხედს ხედავდნენ. ანალოგიურად, 2017 წლის ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ძილის დაწყების დრო მნიშვნელოვნად შემცირდა სასურველი ფერის სინათლით სტიმულაციისას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო სწრაფად ვიძინებთ იმ ოთახებში, რომლებიც ვფიქრობთ, რომ კარგად გამოიყურება.

კომპანიები ფერებს გარკვეული მიზნით იყენებენ — კომპანიებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ გარკვეულ ფერებს გარკვეულ ნივთებთან თუ საკითხებთან დავაკავშირებთ და ისინი ამ ცოდნას ძალიან კარგად იყენებენ. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ბევრი ბრენდი იყენებს წითელ და ნარინჯისფერ ფერებს მათი "მოქმედებისკენ მოსაწოდებელი" ღილაკებისთვის ("შეუკვეთე ახლა", "ახლავე იყიდე" და ა.შ.) და ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი იპყრობენ თვალს. ჯანმრთელობისა და ეკო-მეგობრული კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ მწვანე პალიტრებს ბუნებასთან მათი ასოციაციის გამო. სათამაშოების კომპანიები და ქალთა პროდუქტები გამოიყენებენ ვარდისფერს, რადგან ის ხშირად ქალურად ან მხიარულად ითვლება.

ფერების ფსიქოლოგიის მთავარი პრობლემები

ფერების ფსიქოლოგიის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ძალიან ცოტას თქმა შეუძლია. ყველა ზემოხსენებულ კვლევას მხოლოდ გარკვეული კორელაციების აღნიშვნა შეუძლია, ხოლო ამ კორელაციების არსებობის მიზეზებზე მხოლოდ ჰიპოთეზებია წამოყენებული. არ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ კონკრეტული ფერისთვის უპირატესობის მინიჭება იწვევს X-ს ან Y-ს. როგორც ფეტერმანი აღიარებს, "ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ პიროვნებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც აუცილებლად კორელაციური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, სასარგებლო იყოს ჰიპოთეზების შეთავაზება სავარაუდო მიზეზობრივ მიმართებებთან დაკავშირებით." სპეკულაციები და შესაძლებლობები კარგია, მაგრამ არსებობს ორი ძირითადი პრობლემა.

პირველი პრობლემა ისაა, რომ შეუძლებელია მიზეზობრივ მიმართებებში ფერების ფაქტორის განყენებულად გამოკვლევა. როცა ხასიათს ეხება საქმე, ძალიან ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტორი ან უცნობი ცვლადი იჩენს თავს. მაგალითად, იწვევს წითელის სიყვარული მტრულ განწყობას თუ არსებობს რაიმე ფარული ცვლადი, რომელიც განაპირობებს ორივეს? ანდაც მწვანე ხედია კონცენტრაციის ამაღლების მთავარი ფაქტორი თუ ის, რაც მწვანეს ქმნის, კერძოდ, მცენარეები?

ფოტო: Digital Synopsis

მეორე პრობლემა უკავშირდება კულტურულ განსხვავებებს, კერძოდ, სხვადასხვა ფერს სხვადასხვა კულტურის ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ. დასავლურ კულტურაში წითელი შეიძლება ასოცირებული იყოს აღტაცებასთან, საფრთხესთან, ვნებასა თუ სანტა კლაუსთან. ჩინეთში კი წითელი ხშირად გამოიყენება დღესასწაულებზე, რადგან იგი ასოცირდება იღბალსა და ბედნიერებასთან. ინდოეთში ფორთოხლისფერი წმინდად ითვლება, ხოლო ეგვიპტეში — გლოვის ფერია. შენთვის, შესაძლოა, ლურჯი ფერი ზღვასთან ასოცირდებოდეს, ხოლო კოლუმბიელი კათოლიკესთვის — ღვთისმშობელთან. კულტურის შიგნითაც კი, ფერთა ასოციაციები შეიძლება შეიცვალოს. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940 წლამდე ვარდისფერი "ბიჭის ფერად" ითვლებოდა, ხოლო ცისფერი — გოგოს, 1940 წლის შემდგომ კი — პირიქით.

ერიდეთ "ნებისმიერი ფერის" ფსევდომეცნიერებას

ფერების ფსიქოლოგიისთვის მეცნიერების წოდება მარტივი არ არის. 100 სერბი სტუდენტის კვლევა იმაზე მეტს გვეუბნება ახალგაზრდა სერბებში ფერთა ასოციაციებზე, ვიდრე ოდესმე გვეტყვის ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ. თუ ვინმე გეტყვით, რომ თქვენ მიერ წითლის სიყვარული ნიშნავს, რომ თქვენ ხართ "მღელვარების მაძიებელი" ან რომ იასამნისფერის მოწონების შემთხვევაში თქვენ "უცნაური" ადამიანი ხართ, ისინი, საუკეთესო შემთხვევაში, აზვიადებენ ასოციაციებს შედარებით ვიწრო მასშტაბში. მისი ყველაზე უარესი გამოვლინებით კი, ფერის ფსიქოლოგია ჰოროსკოპივითაა.

ეს არ ნიშნავს, რომ ფერთა ფსიქოლოგია გამოუსადეგარია. როგორც ვნახეთ, თითოეულ ჩვენგანს აქვს გარკვეული და ძლიერი ასოციაციები, თუ როგორ აღვიქვამთ ფერს. საშობაო ფილმები ყოველთვის იქნება წითელი და თეთრი ფერის მშვენიერი ამალგამა. დასავლურ ქორწილებში, სავარაუდოდ, თეთრი კაბები და დეკორაციები ისევ მრავლად შეგვხვდება. დაკრძალვები კი ყველაზე ხშირად შავია. მაგრამ, როგორც ყველა კარგი მეცნიერების შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ გავცდეთ არსებულ მონაცემებს. არასოდეს არ უნდა გამოვიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები იმის საფუძველზე, რასაც ვფიქრობთ, რომ ვხედავთ ან რაც გვინდა, რომ დავინახოთ. მარტივად რომ ვთქვათ, საყვარელი ფერსა და ხასიათს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მტკიცებები ფსევდომეცნიერებაა და ჩვენი საყვარელი ფერი არაფერსაც არ ამბობს ჩვენ შესახებ.