ბელი, რომელსაც დღეს Beauty and the Beast-ში ვხედავთ, პერსონაჟის თავდაპირველი ვერსია არ არის. ამ ფაქტის შესახებ ბელის გამხმოვანებელმა, პეიჯ ო'ჰარამ ისაუბრა. "თავდაპირველი ბელის ვერსია ანჯელინა ჯოლის ჰგავდა. შემდეგ კი ანიმატორებმა ბელის გარეგნობა შეცვალეს, რადგან ის ზედმეტად სრულყოფილი იყო", — განაცხადა ო'ჰარამ.

ო'ჰარას თქმით, ანიმატორების გუნდი, რომლებიც ბელის თავდაპირველ ვერსიაზე მუშაობდნენ, ცდილობდნენ, რომ პერსონაჟისთვის ევროპული იერი მიეცათ. ო'ჰარამ ისიც აღნიშნა, რომ ბელი სხვა დისნეის პრინცესებისგან პრინციპულად განსხვავდებოდა.

ფოტო: Disney

"ვიცოდი, რომ ბელი დისნეის პრინცესების შესახებ შეხედულებას შეცვლიდა. ბელი პირველი პრინცესა იყო, რომელიც პარტნიორს არ ეძებდა. მას სურდა, რომ სამყარო და ის ადგილები ენახა, რომელთა შესახებაც წიგნებში კითხულობდა", — ამბობს ო'ჰარა.

დისნეის Beauty and the Beast 1991 წელს გამოვიდა. იმავე წელს კი, ანჯელინა ჯოლი ლენი კრავიცის მუსიკალურ ვიდეოში — Stand by My Woman გამოჩნდა. მართალია, ანჯელინა ჯოლი მაშინ პოპულარული არ იყო, თუმცა ბელის თავდაპირველ ვერსიასთან მისი მსგავსება მაინც მარტივი შესამჩნევი აღმოჩნდა.