ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც გუშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ დღეისთვის გადაიდო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აქამდე რუსეთი უარყოფდა და ცდილობდა დაემალა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე პრობლემები ჰქონდა და პერსონალის დიდი დანაკლისი განიცადა.

  • პუტინი და კრემლის პირველი პირები თვეების განმავლობაში იმეორებდნენ, რომ მობილიზაციის აუცილებლობა არ არსებობდა.
  • ამ გადაწყვეტილებით კი გამოჩნდა, რომ რუსეთი არსებული რესურსებით უკრაინულ ძალებს ვერ უმკლავდება.

პუტინმა ამ გადაწყვეტილების გამართლება პროპაგანდისტული ნარატივით სცადა და განაცხადა, თითქოს რუსული ჯარები არამხოლოდ "ნეონაცისტურ ჯგუფებს", არამედ "კოლექტიურ დასავლეთს" ებრძვიან.

  • მისივე მტკიცებით, მობილიზაციის გამოცხადება სრულად ადეკვატურია "არსებული საფრთხეებიდან" გამომდინარე და საჭიროა "სამშობლოს, სუვერენიტეტისა და ერთიანობის დასაცავად"
  • მისივე თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვისტები ექვემდებარებიან, პირველ რიგში გამოცდილების მქონე პირები.
  • მან უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას და სამობილიზაციო ღონისძიებები დღეს დაიწყება.

შოიგუმ დაამატა, რომ მობილიზაციის ფარგლებში ჯარში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.

  • ამასთანავე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დიდი ხნის შემდეგ პირველად ომის დანაკარგები დაასახელა — მისი თქმით, "სპეცოპერაციისას" მხოლოდ 5 937 ადამიანი დაკარგეს.
  • ეს რიცხვები რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს — მათი განცხადებით, ლიკვიდირებულია 55 110 რუსი ჯარისკაცი.

გარდა ამისა, პუტინმა ისაუბრა "რეფერენდუმებზე", რომელიც მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა დაგეგმილი.

  • "დონბასის სახალხო რესპუბლიკების პარლამენტებმა, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციებმა გადაწყვიტეს ამ ტერიტორიების მომავლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება და გვთხოვეს ასეთი ნაბიჯის მხარდაჭერა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რეფერენდუმის ჩატარებისთვის უსაფრთხო პირობები იყოს უზრუნველყოფილი", — განაცხადა მან.
  • შეგახსენებთ, რომ "რეფერენდუმი" უკვე რამდენჯერმე გადაიდო, მაშინ ოფიციალური მიზეზი არ იყო ცნობილი, თუმცა Meduza-ს წყაროებმა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა დაუსახელეს.

  • ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ბოლო ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა კრემლს პანიკაში აგდებს — მათი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მარიონეტული ორგანოები მათ ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ რეგიონებში სასწრაფოდ ჩაატარონ ე.წ. რეფერენდუმები.