შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება სპეცოპერაციის დასრულებიდან, დაახლოებით, 2 საათის შემდეგ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში დღეს, დაახლოებით, 11 საათზე შეიჭრა.

  • ბანკიდან გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ის მძევლებს მისი მოთხოვნების გაჟღერებას, ამბის გავრცელებას აიძულებდა;
  • სპეცოპერაცია ბანკში შეჭრიდან თითქმის 9 საათის შემდეგ დასრულდა, რის შედეგადაც ერთი პირი დააკავეს, ხოლო მძევლები გაათავისუფლეს.

დეტალები: უწყების ცნობით, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.

  • 12 მძევლის შესახებ აქამდე გავრცელებული ინფორმაცია შსს-მ მხოლოდ ახლა დააზუსტა და აღნიშნა, რომ შეიარაღებულ პირს 14 მძევალი ჰყავდა — მათი ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა;
  • შს მინისტრის მოადგილის ცნობით, თავდამსხმელს თან მძიმე შეიარაღება ჰქონდა, რომელზეც ექსპერტიზაა დანიშნული;
  • კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი, გრიგოლ ნარსია, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ "მოქმედი თანამშრომელი არ არის".

თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა — მან მოგვიანებით მოთხოვნები შეცვალა. მისი ახალი მოთხოვნები მილიონ ნახევარი და ორი მძევლის დატოვება იყო.

  • ვიდეოში ისმოდა, სავარაუდოდ, მომლაპარაკებლის ხმა, რომელიც შეიარაღებულ პირს ეუბნებოდა, რომ ლარიდან დოლარში გადახურდავებას დრო სჭირდებოდა;
  • ასევე, კადრებში ჩანდა, რომ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ ნივთიერებაზე თავი მოხსნილი ჰქონდა და იმუქრებოდა, რომ სამართალდამცავების შესვლის შემთხვევაში ააფეთქებს.

შსს-მ დღის განმავლობაში ორი განცხადება გაავრცელა, თუმცა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შემთხვევის ადგილას მხოლოდ 5 საათის შემდეგ ჩავიდა.

  • ქართული ოცნებიდან პირველი მომხდარზე კომენტარი ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ "ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდა აქაც".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს:

  • საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას;
  • ტერორისტულ აქტს;
  • ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას.

არქივიდან: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკში შეიარაღებული შეჭრისა და ყაჩაღობის მცდელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი ნაწილი საქართველოს ბანკში იყო.

  • ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ბადრი ესებუას უკავშირდება, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა, რამდენიმე საათში კი მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა და გაიქცა.
  • შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა — როგორც შს მინისტრი ყოველ ჯერზე ამბობს, მას ეძებენ.