ამერიკელმა ოსკაროსანმა მსახიობმა, ბრედ პიტმა, ფინეთის ერთ-ერთ მუზეუმში გამართულ გამოფენაზე თავისი შექმნილი ქანდაკებები წარადგინა. 58 წლის მსახიობი, რომელიც თვითნასწავლ მოქანდაკედ იქცა, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანას საგანგებოდ ღონისძიებისთვის ეწვია და ნამუშევრები თავადვე გააცნო დამთვალიერებელს. კინოვარსკვლავისთვის ეს პირველი გამოფენაა.

ქალაქ ტამპერეს ხელოვნების მუზეუმში პიტთან ერთად კერამიკული ნამუშევრები წარადგინა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმაც.

"ნიკისა და ჩემთვის ეს ახალი სამყარო და პირველი მცდელობაა", — ამბობს მსახიობი.

გამოფენაზე სხვადასხვა მასალით პიტის მიერ შექმნილი ცხრა ნამუშევარია წარდგენილი. მსახიობის თქმით, ქანდაკებები "სასტიკად გულწრფელად" ასახავს მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

"ჩემთვის ეს ჩაფიქრებას ჰგავს", — ასე ხსნის კინოვარსკვლავი სკულპტურებს, — "იმაზე ჰყვება, თუ სად შევცდი ურთიერთობებში, სად გადავდგი არასწორი ნაბიჯი, სად იყო ჩემი წილი დანაშაული".

გავრცელებული ცნობით, მოქანდაკეობას ხელი პიტმა მას შემდეგ მიჰყო, რაც ანჯელინა ჯოლის დაშორდა. 2017 წელს მსახიობი ლოს-ანჯელესში მოწყობილ სტუდიაში 15 საათამდე დროს ატარებდა. მაშინ სკულპტურებზე მუშაობა მისთვის "ეულ, წყნარ და შეხებით" პროცესად იქცა.

გამოფენაზე მისმა და განსაკუთრებით მისი ნამუშევრების გამოჩენამ კი ყველა გააკვირვა, რადგან ეს ამბავი წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.