12 სექტემბერს Apple-მა განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა iOS 16 გამოუშვა. მისი დაყენება სრულიად უფასოა და iPhone 8-დან მოყოლებულ ყველა ახალ მოდელზეა შესაძლებელი. მისი დაყენებით იცვლება სისტემის დიზაინი, რაც თქვენს მობილურს ახლის ელფერს სძენს. ამას გარდა, განახლებული სისტემა რიგ ახალ მახასიათებელსაც გთავაზობთ — iMessage-ს ახალი ფუნქციონალები დაემატა, გამარტივდა ფოტოების რედაქტირება, გაიოლდა ნავიგაცია უსინათლო ადამიანებისთვის და სხვა.

წაიკითხეთ ვრცლად: რამდენიმე დღეში Apple განახლებულ iOS 16-ს გამოუშვებს — ნახეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ

ქართულენოვანი აუდიტორიისთვის საინტერესო იქნება, აღინიშნოს, რომ განახლებულ iOS 16-ს უკვე ქართული ტექსტის გარჩევაც შეუძლია. ამაში დარწმუნება თავადაც შეგიძლიათ, თუ, პირობითად, ემოჯიების ველში ქართულ ენაზე აკრეფთ რაიმე სიტყვას, მაგალითად, არა-ს და სისტემა შესაბამის ემოჯის ამოაგდებს.

ფოტო: სანდრო მაისურაძე

ამიერიდან სასურველი ემოჯის მოძიებას ქართული შრიფტითაც შეძლებთ. აღნიშნული სიახლე Apple-ის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, პროდუქცია უფრო მეტ ენაზე გახადოს ხელმისაწვდომი. ცნობისთვის, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფით დამატებით 17 ენაზე გახდა შესაძლებელი ხმის ფუნქციის გამოყენება; დამატებით 6 ენაზე იქნება რეკლამები ხელმისაწვდომი და ათობით ენაზე გაუმჯობესდა ავტომატური თარგმნის სისტემა.