მობილურის არჩევა არ გულისხმობს მხოლოდ არჩევანს iOS და Android სისტემებს შორის; ის ასევე მოიცავს იმ აპლიკაციებს, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ ელ. ფოსტებისთვის, ნავიგაციისთვის, მუსიკის გადმოსაწერად და სხვა. ამ სტატიაში გვსურს, მოგიყვეთ, თუ რომელი მობლური იმარჯვებს აპლიკაციების ბრძოლაში 2022 წლის მდგომარეობით.

საუბარი ძალიან რომ არ გაგვეწელოს, ყურადღებას გავამახვილებთ ძირითადად default აპებზე, რომლებსაც, დიდი ალბათობით, იყენებთ.

მაშ, დავიწყოთ!

Apple Mail vs Gmail

ფოტო: Apple Mail/Gmail

ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი დაგვეთანხმება, თუ ვიტყვით, რომ Gmail ბევრად სჯობს Apple Mail-ს. მოძიებისა და დახარისხების შესაძლებლობები და ინტერფეისის დიზაინი Gmail-ს განსაკუთრებული აქვს. ამას გარდა, Gmail შესაძლებლობას გაძლევთ, მეილები ძილის რეჟიმში გადაიყვანოთ (snooze), რათა სასურველ დროს თავიდან ამოგიგდოთ სიის სათავეში; ასევე Google-მა გაქრობადი მეილებიც დაამატა — კონკრეტული ვადის მონიშვნის მერე მეილი და მისი კონტენტი მთლიანად გაქრება. ეს ახალი მახასიათებლები Apple Mail-ს არ აქვს.

სხვა მხრივ, Apple Mail საშუალებას გაძლევთ, რომ მრავალი ანგარიში მართოთ მარტივად; ჯგუფური დიალოგი აწარმოოთ threads-ში და სხვა. თუმცა რაღაც მიზეზების გამო (მათ შორის, Apple-ის პროდუქტებში სხვა კომპანიების პროდუქტების გამოყენების სირთულის გამო) რიგ აპლიკაციებს საკუთარი სისტემის განახლება, შეცვლა უწევთ, რათა Apple-ის სისტემას მოარგონ, რაც ხშირად დისკომფორტს ქმნის.

და გამარჯვებულია... Gmail.

Apple Maps vs Google Maps

ფოტო: Apple Maps/Google Maps

Google Maps Apple Maps-ზე შვიდი წლით ადრე შეიქმნა და მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა ძალიან ბევრი შრომა ჩადო, რომ დაწეოდა Google Maps-ს, მათ შორის პარიტეტი ჯერ არ დამყარებულა. ამ შემთხვევაში უნდა დაგვეთანხმოთ, რომ Google Maps უკეთესია. Apple Maps საკმაოდ კარგი აპია, თუმცა მას არ აქვს ის სიღრმე, რაც მის კონკურენტს ახასიათებს, განსაკუთრებით თუ საქმე მსოფლიო დაფარვას ეხება.

Apple Maps თანდათანობით ამატებს იმ მახასიათებლებს, რაც Google Maps-ს აქვს — ქუჩის ნახვა, გაფართოებული რეალობით სიარულის ნავიგაცია, მრავალგაჩერებიანი მარშრუტი, თუმცა Google Maps-ს მაინც აქვს უპირატესობა — მას აქვს bookmarking-ის ფუნქციონალი (სასურველი ინფორმაციის მონიშვნა, აპინვა), ლოკაციის ნახვას, offline გამოყენებისთვის რუკების შენახვა და იმის შემოწმება, ლოჯისტიკურად რამდენად გადატვრითულია ესა თუ ის ადგილი ჩვენს ვიზიტამდე.

მოკლედ, ამ შემთხვევაშიც Google Maps-მა გაიმარჯვა

Apple Safari vs Google Chrome

ფოტო: Apple Safari/Google Chrome

ყველა მობილური ვებბრაუზერის მთავარი ფუნქციაა, მოგაწოდოთ ფანჯარა ინტერნეტზე წვდომისთვის. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია, თუმცა ამის გათვალისწინებითაც Safari-იც და Chrome-იც ყველა ბაზისურ მახასიათებელს მოიცავს: მრავალი ფანჯრის გახსნა, კერძო ან ინკოგნიტო რეჟიმი, bookmarking, ლინკის მარტივად გაზიარება და სხვა.

თუ დეტალებში ჩავალთ, შევამჩნევთ, რომ Safari-ის ოდნავ მეტის გაკეთება შეუძლია, იქნება ეს კონფიდენციალურობა, ანტი-ტრეკინგ ფუნქციები თუ გვერდების კითხვის რეჟიმში გადაყვანა. რა თქმა უნდა, თქვენზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას აპირებთ თქვენი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე და გსურთ თუ არა, რომ ის თქვენს მობილურთან იყოს დაკავშირებული

ამ შემთხვევაში, უნდა ვაღიაროთ, Safari-იმ გაიმარჯვა

iMessage vs Google Chat

ფოტო: Apple Messages/Google Chat

ამ ეტაპისთვის iMessage არის ყველაზე დახვეწილი პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ ყველაფერს, რაც მსგავს მომსახურებას შეუძლია: ლოკაციის გაზიარება, ემოჯით რეაქციის ეფექტი, შეტყობინების არგაგზავნა/წაშლა (ეს განახლებული iOS16-ით დაემატა) და მრავალი სხვა. ის ძალიან მარტივად ასინქრონებს თქვენს ყველა შეტყობინებას iPhones-ზე, iPads-ზე და Macs-ზე, რაც ერთი მოწყობილობიდან მეორეზე გადართვას ამარტივებს.

Google-ის პლატფორმამ, მართალია, ბევრ სხვა აპს (Allo, Hangouts) გადაუსწრო, მაგრამ Apple-ის პროდუქციას ჯერ კიდევ ჩამორჩება. iMessage-თან შედარებით მისი ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ ნებისმიერი მოდელის მობილურზე შეგიძლიათ, გადმოწეროთ.

ამიტომ აქ iMessage-მა გაიმარჯვა.

FaceTime vs Google Meet

ფოტო: FaceTime/Google Meet

ვიდეოზარის აპებს ნაკლები ფუნქციონალი სჭირდებათ, ამიტომ სხვა აპებისგან განსხვავებით დიდი განსხვავება არაა FaceTime-სა და Google Meet-ს შორის: ორივე ვიდეოთი სწრაფად აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან, ორივე უზრუნველყოფს ვიდეო-კონფერენციას, ორივეს შეუძლია ფონის დაფარვა და ორივე გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მობილურის ეკრანი გააზიაროთ.

ამ შემთხვევაში გამარჯვებული დასახელება რთულია, რადგან ორივე აკმაყოფილებს ყველა ძირითად სტანდარტს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Google Meet-ს აქვს მახასიათებლების უფრო ფართო სპექტრი და მრავალ პლატფორმას ერგება, მაგრამ, როდესაც საქმე კავშირის მაღალ ხარისხს ეხება, აქ უდაოდ FaceTime არის საუკეთესო.

მოდით, აქ ფრე იყოს.

Apple Photos vs Google Photos

ფოტო: Apple Photos/Google Photos

Apple Photos არის მხოლოდ საჭირო ფუნქციებით აღჭურვილი, Google Photos კი თავისი მოძიებისა და ხელოვნური ინტელექტის მახასიათებლებით გამოირჩევა (მათ შორის, სახისა და ობიექტების ამოცნობით), რაც მის ფუნქციონირებას მეტად ინტუიტიურს ხდის.

ორივე აპლიკაცია რედაქტირების უამრავ არჩევანს და სხვა აპებთან დაკავშირებულობას უზრონველყოფს. რთულია, დაასახელოთ სფერო, რომელშიც ერთი მეორეს აღემატება, მაგრამ თუ მხოლოდ მობილურის აპებზე ვკონცენტრირდებით — და უგულვებელყოფთ, მაგალითად, ვების ინტერფეისს — ვფიქრობთ, Google Photos მეტად მოქნილია.

ამიტომ ამ შემთხვევაში ქულას Google Photos-ს მივანიჭებთ.

Apple Notes vs Google Keep

ფოტო: Apple Notes/Google Keep

აქაც ორივე შემთხვევაში უპირატესობის გამოკვეთა რთულია: ორივე აპი გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაიწეროთ შენიშვნები, დაურთოთ ფოტოები, გააერთიანოთ ტექსტები და მონიშნოთ, რათა ყველაფერი ორგანიზებულად გქონდეთ.

თუმცა არის განსხვავებებიც: მაგალითად, პაროლით დაფარული შენიშვნები (ნოუთები) Apple Note-ში და ნოუთებზე შეხსენების (reminder) დაყენება Google Keep-ში. უნდა ითქვას, რომ Apple Notes-ს აქვს გაფილტვრისა და ჭკვიანი დაგეგმვის ფუნქციები, ამიტომ ამ შემთხვევაში მას მივანიჭებთ უპირატესობას.

და გაიმარჯვა Apple Notes-მა.

Apple Calendar vs Google Calendar

ფოტო: Apple Calendar/Google Calendar

კიდევ ერთი აპი, რომელშიც არაა არსებითი განსხვავება ამ ორ სისტემას შორის. წლების განმავლობაში ორივე ძალიან განვითარდა და დღეს გთავაზობთ ყველა საჭირო ფუნქციას, რაც კალენდარს უნდა ჰქონდეს. თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით Google Calendar მცირედით უსწრებს თავის კონკურენტს: ამ აპში ინტერფეისი საკმაოდ კარგად მუშაობს (მათ შორის, ქორწილებისა და წვეულებების default ილუსტრაციები); თქვენ ოდნავ მეტი არჩევანი გაქვთ, როდესაც სხვა ადამიანებთან გეგმავთ შეხვედრის ჩანიშვნას; მისი მუშაობაც ინტუიტიურია და დიდია ალბათობა, რომ თქვენი კონტაქტებიც ზუსტად ამ აპს იყენებენ.

ამჯერად გაიმარჯვა Google Calendar, მცირე უპირატესობით.

Apple News vs Google News

ფოტო: Apple News/Google News

Apple-ისა და Google-ის ახალი ამბების აპლიკაცია სულ უფრო მეტად ვითარდება და გთავაზობთ როგორც ტრენდულ ამბებს, ისე თქვენს პიროვნებასა და ინტერესებზე მორგებულ ნიუსებსაც. თქვენ ახალი ამბების გაცნობა შეგიძლიათ როგორც სათაურის, ისე რეგიონის მიხედვით. გამოყენების სიმარტივის მხრივ Google News უკეთესია. Apple News-ის უპირატესობა კი მისი ინტერფეისია — ამ აპში თვალი გაცილებით მარტივად აღიქვამს ამბებს და სწრაფადაც არ იღლება.

ამ შემთხვევაშიც შეჯიბრი ფრედ დასრულდა.

საერთო ანგარიშით გაიმარჯვა Google-ის პროდუქციამ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი შეფასება სუბიექტურია, რადგან ორივე კომპანიის ფილოსოფია, კონცეფციები განსხვავდება და ადამიანზეა დამოკიდებული, რომელს უფრო მეტად ირგებს.