მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, გლოსტერშირის საგრაფოში, გასული წლის თებერვალში ჩამოვარდნილ ვინჩკომის მეტეორიტში არამიწიერი წარმოშობის წყალი აღმოაჩინეს.

ამ სიახლის შესახებ ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმში მომუშავე ეშლი კინგმა ახლახან გამართულ ბრიტანეთის მეცნიერების ფესტივალზე განაცხადა. ეს ევროპის მასშტაბით უძველესი მსგავსი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად, გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ გამოკვლეულ ნიმუშში 12% სწორედ წყალს უკავია და ის იმითაა გამორჩეული, რომ პირვანდელი სახე მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული, ანუ ჩვენს პლანეტაზე მოხვედრის შემდეგ თითქმის არ "დაბინძურებულა".

"ამ წყლის შემადგენლობა დედამიწის ოკეანეებში არსებული წყლისას ძალიან, ძალიან ჰგავს", — ამბობს ის.

ფოტო: Just_Super/iStock

0.5 კილოგრამი წონის მეტეორიტი ხმელეთზე ჩამოვარდნიდან მალევე, სულ რაღაც 12 საათში იპოვეს, ანუ მან ჩვენი პლანეტის წყალთან და მინერალებთან ურთიერთქმედება ვერ მოასწრო, რაც მის მახასიათებლებს შეცვლიდა.

"მეტეორიტების უმრავლესობის შემთხვევაში, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ისინი 'დაბინძურებულია', თუმცა ვიცით, რომ ვენჩკომს მსგავსი ცვლილება არ განუცდია.

პლანეტების მკვლევრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ საიდან გაჩნდა დედამიწაზე წყალი. აშკარა წყაროებს შორისაა როგორც ყინულით მდიდარი კომეტები, ასევე, ასტეროიდები", — აცხადებს ეშლი კინგი.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ასტრონომიული სხეული 4.6 მილიარდი წლისაა. ის აქ იუპიტერსა და მარსს შორის მდებარე ასტეროიდთა სარტყლიდან მოხვდა და დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ფრაგმენტებად დაიშალა, რომლებიც ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმში იყო გამოფენილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.