ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენი ფიქრობს, რომ ფილმების გადაღებას თავი დაანებოს. თუმცა, რეჟისორის წარმომადგენლის თქმით, ეს კარიერის დასრულებას არ ნიშნავს.

"თქვა, რომ ფიქრობს, ფილმების გადაღება შეწყვიტოს, რადგან არ მოსწონს, როცა კინოსურათები პირდაპირ და ძალიან სწრაფად ხვდება სტრიმინგ პლატფორმებზე", — ამბობს იგი, — "ის კინოთეატრში მიღებული გამოცდილების დიდი მოყვარულია".

86 წლის ალენი ამჟამად თავისი 50-ე ფილმის გადასაღებად ევროპაში იმყოფება. რეჟისორის ახალ კინოსურათში, რომელიც მთლიანად ფრანგულ ენაზე იქნება, მოქმედება პარიზში ვითარდება. შესაბამისად, გადაღებებიც ევროპაში დაიგეგმა მომდევნო კვირების განმავლობაში. ალენის თქმით, ეს ფილმი "აღმაფრთოვანებელი, დრამატული და ძალიან ავბედითი განცდის მატარებელი იქნება".

ფოტო: Valery Hache / Getty Images

პროფესიულ ცხოვრებაში სიახლეების მიუხედავად, ალენის სახელი ბოლო წლებში სულ სხვა კონტექსტში ისმოდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში რეჟისორი შვილობილზე, დილან ფეროუზე, ძალადობაში დაადანაშაულეს. მია ფეროუმ და ვუდი ალენმა იგი ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. დილანის თქმით, 7 წლის იყო, როდესაც 1992 წელს ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა. ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომლის შედეგადაც, 1993 წელს, ვუდი ალენს ბავშვთან მიახლოება აუკრძალეს.

1993 წლის სასამართლოდან 2014 წლამდე ვუდი ალენი საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებიათ ფეროუზე სექსუალურად ძალადობაში, თუმცა, მას შემდეგ, რაც რეჟისორს 2014 წელს ოქროს გლობუსი გადასცეს, დილანმა The New York Times-ში ღია წერილი გამოაქვეყნა შემზარავი დეტალებით. როცა #Metoo მოძრაობა მასშტაბური გახდა, დილანმა კიდევ ერთხელ მიმართა ცნობილ მსახიობებს შეკითხვით: რატომ შეეხო კრიტიკა ყველას, ალენის გარდა. ამის შემდეგ, ვუდი ალენის ფილმებში მონაწილე მსახიობებმა განაცხადეს, რომ მასთან თანამშრომლობას ნანობენ და საკუთარი ჰონორარი ქალთა მოძრაობებს გადაურიცხეს.

ვუდი ალენმა დილანს იმავე გამოცემაში გამოქვეყნებული წერილით უპასუხა, ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მის შვილობილს ეს ყველაფერი მია ფეროუმ შთააგონა, რადგან მისი და პრევინის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.

კინორეჟისორმა რამდენიმე წლის წინ მემუარების გამოცემაც გადაწყვიტა და კრიტიკის მიუხედავად, საბოლოოდ, მაინც გამოაქვეყნა. 2018 წელს მან ასევე განაცხადა, რომ რეჟისორობას დროებით თავს ანებებდა.

კინორეჟისორის წინააღმდეგ ბრალდებებზე HBO-მ დოკუმენტური სერიალიც გადაიღო, რომელიც გასულ წელს გამოვიდა.