რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის მხრიდან ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედროებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს სიცრუეა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 16 სექტემბერს უკრაინის გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან ახლოს აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, სადაც 400-ზე მეტი ცხედარია.

  • უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამარხში უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ნაპოვნია ბავშვის ცხედარიც.

დეტალები: პესკოვი საუბრობს, რომ დაიცავენ "სიმართლეს".

  • "ეს იგივე სცენარია, რაც ბუჩაში იყო. ეს სიცრუეა", — ასე უპასიხა კრემლის პრესსპიკერმა იზიუმის შესახებ დასმულ კითხვას.

უკრაინა აცხადებს, რომ მსოფლიომ უნდა ნახოს რა დატოვა რუსეთის არმიამ.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპანტები ვერ გაიქცევიან და ვერ დაიმალებიან — "შურისძიება სამართლიანად საშინელი იქნება. ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი წამებული სულისთვის".
  • საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იზიუმში მასობრივი საფლავები ადასტურებს, რომ როდესაც ათავისუფლებენ ტერიტორიებს, იქ არის მტკიცებულებები რუსეთის საშინელი დანაშაულების შესახებ.
  • "მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება, თუ რა ჯოჯოხეთს გადის ხალხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე", — ამბობს კულება.

საერთაშორისო გამოხმაურებები: აშშ-ის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბიმ სამარხს შემზარავი უწოდა.

  • ესტონეთის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ იზიუმი არის რუსული ოკუპაციის სახე: "ქალაქები გადაიქცა მასობრივ სასაფლაოდ".
  • საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე.
  • საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით კი, რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს.

ბუჩა: 2 აპრილს უკრაინულმა ჯარმა ოკუპანტებისგან კიევის ოლქი გაათავისუფლა.

  • მედიაში გავრცელდა ფოტოები ბუჩას ქუჩებიდან, რომელიც სავსე იყო ცხედრებით — მათ ნაწილს ხელები ჰქონდათ შეკრული, ნაწილის გვერდით ველოსიპედები ეყარა, ნაწილი კი რამდენიმე კვირის წინ იყო მოკლული.
  • აღმოჩენილია არაერთი მასობრივი საფლავი, ნაწამები და მოკლული ადამიანებით.