ევან პიტერსი, რომელიც მაყურებელმა გახმაურებული სერიალით American Horror Story გაიცნო, ამჟამად რეალურ ამბებზე დაფუძნებულ საშინელებათა სერიალში თამაშობს. იგი სერიული მკვლელისა და კანიბალის, ჯეფრი დამერის, როლს ასრულებს რაინ მერფის ახალ პროექტში, სახელად Monster: The Jeffrey Dahmer Story.

დამერმა 1978 წლიდან მოყოლებული შემდეგი 13 წლის განმავლობაში 17 კაცი და ბიჭი გააუპატიურა, მოკლა და დაანაწევრა. ის საბოლოოდ 1991 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა 15-ჯერ მიუსაჯეს.

"10 ეპიზოდის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ექცევა დამერის მსხვერპლებისა და იმ ხალხის ჯერ კიდევ უთქმელი ისტორიები, ვინც მისი შეჩერება სცადა, ასევე იმ სისტემური მარცხის ამბავი, რომელმაც მას საშუალება მისცა მთელი ათწლეულის განმავლობაში გაეგრძელებინა მკვლელობების სერია," — ვკითხულობთ სერიალის აღწერაში.

პროექტი ყურადღებას ამახვილებს იმ შემთხვევებზეც, როცა ჯეფრი დამერი თითქმის დაიჭირეს, თუმცა საბოლოოდ მაინც გაუშვეს, რაც, სავარაუდოდ, ამერიკაში თეთრკანიანების პრივილეგირებული მდგომარეობის გამო ხდებოდა — დამერი მარტივად უძვრებოდა კანონს თავისი გარეგნობისა და მოწესრიგებულობის გამო.

სერიალის საპილოტე ეპიზოდს Mindhunter-ის ერთ-ერთი რეჟისორი, კარლ ფრანკლინი, გადაიღებს, ხოლო პრემიერა 2022 წლის 21 სექტემბერს შედგება.