ახალი კვლევის თანახმად, სატურნის რგოლები შესაძლოა 100 მილიონი წლის წინ წარმოქმნილიყო, როცა მისმა ძლიერმა გრავიტაციამ ერთ-ერთი თანამგზავრი ნაწილებად დაშალა. მეცნიერთა თქმით, ეს პლანეტისგან ტიტანის მოშორებით გადანაცვლებას, ასევე, სატურნისა და ნეპტუნის ორბიტული ბრუნვის რეზონანსს, ანუ თანხვედრასაც უკავშირდება.

დეკადების წინ მიაჩნდათ, რომ აღნიშნული აირის გიგანტის გასაოცარი რგოლები თავად ამ ციური სხეულთან ერთად გაჩნდა, მაგრამ ადრეულ 1980-იან წლებში მეცნიერებმა ყინულის ნაწილაკების სიჩქარესა და შეჯახებებზე დაკვირვებით ივარაუდეს, რომ რგოლების ასაკი 100 მილიონი წელი იყო.

მისია კასინის ფარგლებში ამის უფრო მეტი მტკიცებულება მოვიპოვეთ, რაშიც ზემოხსენებულ წარმონაქმნებში პლანეტათაშორისი მტვრის წილის გაზომვა დაგვეხმარა, რომელიც ძალიან მცირე აღმოჩნდა, მხოლოდ 1%. ზოგი მკვლევარი მაინც დაეჭვდა, რომ შესაძლოა, მტვრის ნაწილი სატურნში ჩაედინებოდეს და ეს რგოლებს უფრო ახალგაზრდას აჩენდეს, მაგრამ უკანასკნელი კვლევა ამ ეჭვებს აქარწყლებს.

ფოტო: NASA

სატურნი მზის სისტემის ორბიტული სიბრტყიდან 26.7 გრადუსითაა გადახრილი. 2021 წელს გამოითქვა მოსაზრება, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, ტიტანის გარეთა მიმართულებით გადანაცვლება ყოფილიყო. პლანეტას, ასევე, პრეცესიაც ახასიათებს (ბრუნვის ღერძის ცვლილება), რაც მზის მიერ ტიტანის მიზიდვას უკავშირდება. პრეცესიის სიხშირის გაზრდის შედეგად, სატურნი ნეპტუნის ორბიტულ პრეცესიასთან რეზონანსში ჩაერთო, რასაც გამაძლიერებელი ეფექტი ჰქონდა (როგორც საქანელაზე ხელის კვრას).

ახლა ისინი ერთმანეთთან თანხვედრაში აღარაა, მაგრამ რატომ?

მეცნიერთა თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა, სატურნის ჰიპოთეზური თანამგზავრი, სახელად კრისტალისი იყოს, რომელიც ციურ სხეულს ზედმეტად მიუახლოვდა, დაიშალა და რგოლების ფორმირება განაპირობა.

კომპიუტერულმა მოდელებმა აჩვენა, რომ 100-200 მილიონ წლებს შორის პერიოდში კრისტალისისა და ტიტანის რეზონანსი უნდა შემდგარიყო, რამაც პირველი მათგანის ორბიტის დესტაბილიზაცია გამოიწვია, მასთან ურთიერთქმედების გარეშე კი სატურნის პრეცესია შენელდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ჰიპოთეზა სატურნის შესახებ ერთდროულად 4 საკითხს ჰფენს ნათელს (დახრილობა, რგოლები, მათი ასაკი და ტიტანის ექსცენტრული ორბიტა). ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.